"გოლდენ სტეიტის" 15 მატჩიანი მოგებათა სერია "ჰიუსტონმა" დაასრულა
NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს "ჰიუსტონისა" და "გოლდენ სტეიტის" დაპირისპირება იწვევდა.
"ჰიუსტონმა" მოქმედი ჩემპიონის გასვლით შეხვედრებში ზედიზედ 15 მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა და 116:108 დაამარცხა.
ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო ზაზ აფაჩულია, რომელმაც პარკეტზე 16 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.
კევინ დურანტი ოკლენდელთაგან 26 ქულით საუკეთესო იყო. დრეიმონდ გრინმა 21 ქულა ჩააგდო, ხოლო სტეფ კარიმ 19.
"ჰიუსტონის" რიგებში დომინირებდა კრის პოლი, რომელმაც 33 ქულა, 11 მოხსნა, 7 გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხება ჯეიმს ჰარდენს, "ბაბუაწვერამ" 22 ქულა ჩააგდო და გადამწყვეტი სამქულიანიც მის ანგარიშზე იყო.
ამ წაგების მიუხედავად "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციასა და მთლიანად ლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს - 37 მოგება და 10 მარცხი.
სტივ კერის გუნდი მომდევნო მატჩს უკვე შინ გამართავს. მათი მეტოქე "ნიუ იორკ ნიქსი" იქნება.
ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლივლენდი – ოკლაჰომა 124:148
ატლანტა – ჩიკაგო 97:113
შარლოტი – მაიამი 105:106
ნიუ ორლეანი – მემფისი 111:104
ფილადელფია – მილუოკი 116:94
მინესოტა – ტორონტო 115:109
იუტა – კლიპერსი 125:113
პორტლენდი – დალასი 117:108