უესტბრუკზე და ჰარდენზე წინ - იოკიჩის უნიკალური რეკორდი
„დენვერის“ კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩი კიდევ ერთი უნიკალური რეკორდის ავტორი გახდა. „ნაგეტსის“ სერბმა ცენტრმა სამმაგი დუბლი ზედიზედ ოთხ შეხვედრაში შეასრულა, რაც NBA-ის ისტორიაში აქამდე არც ერთ მოთამაშეს არ გაუკეთებია. იოკიჩის მიღწევა კიდევ უფრო დასაფასებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ ოთხი მატჩიდან თითოეულში მან მხოლოდ სამი მეოთხედი ითამაშა, მეოთხეში კი დაისვენა.
აქამდე ტრიპლ-დაბლების რაოდენობით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საუკეთესო შედეგი რასელ უესტბრუკს (2017 წლის ოქტომბერი) და ჯეიმს ჰარდენს (2023 წლის იანვარი) ჰქონდათ დაფიქსირებული, რომელთაც სამმაგი დუბლი ზედიზედ ორ მატჩში შეასრულეს. ფაქტია, რომ იოკიჩის მიერ ნაჩვენები შედეგის არათუ გაუმჯობესება, არამედ გამეორებაც კი უახლოეს მომავალში ძალიან რთული იქნება, თუმცა სტატისტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამის გაკეთების ყველაზე კარგი შანსი „დალასის“ სლოვენიელ ლიდერს, ლუკა დონჩიჩს ექნება.
ცნობისათვის, ნიკოლა იოკიჩმა წლევანდელ სეზონში 37 მატჩში ითამაშა და საშუალოდ 30,1 ქულას, 13,2 მოხსნასა და 9,9 გადაცემას ასრულებს. რაც შეეხება „დენვერს“, 27 მოგებითა და 16 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.