ნოა
Aa
Aa

დილას ყოფილი დამრიგებელი ფიგუსთან - ვინ წაართვა გორელებს მწვრთნელი

შვიდი წლის წინ დაარსებული სომხეთის „ნოა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალური ეტაპის მონაწილეა და პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. ეს არის ის, რაზეც საქართველოს საფეხბურთო კლუბები უკვე ზუსტად 20 წელია ოცნებობენ, მაგრამ მიზნის მიღწევას ვერაფრით ახერხებენ. ბედის ირონიაა, რომ სომხურმა კლუბმა რანგით მესამე ევროპული საკლუბო ტურნირის საგზური Crystalbet ეროვნული ლიგიდან წაყვანილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოიპოვა და ივნისში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, „ნოამ“ „დილას“ მთავარი მწვრთნელი წაართვა. რა თქმა უნდა, ბაზარზე კონკურენცია არსებობს, მაგრამ არსებობს წესებიც, რომელსაც სომხებმა ყურადღება არ მიაქციეს და პორტუგალიელ რუი მოტას იმხელა ხელფასი შესთავაზეს, რასაც გორელები ვერანაირ შემთხვევაში ვერ გადაუხდიდნენ.

რა თქმა უნდა საინტერესოა, რის ხარჯზე აღორძინდა მოკლე ხანში სომხეთის გუნდი და საიდან აქვს ამხელა შემოსავალი? დაარსებიდან ექვს წელიწადში, 2023 წლის აგვისტოში, „ნოაში“ მფლობელები შეიცვალნენ და აქციათა საკონტროლო პაკეტი ტოტალიზატორებისა და ონლაინ-კაზინოების პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანია Digitain-ის დამფუძნებელმა ვარდგეს ვარდანიანმა შეიძინა. ეს კომპანია ბაზარზე 1999 წელს გამოჩნდა და სომხეთში უმსხვილეს IT ფირმად ითვლება - ერევნის გარდა ოფისები აქვს ლონდონში, ბუქარესტსა და ვალეტაში და 150-მდე იურიდიული პირი ჰყავთ კლიენტად, რომელთა პროგრამულ მომსახურებას (ინტერფეისი, მობილური კავშირები, გადახდის სისტემტები) უზრუნველყოფს.

„ნოას“ პრეზიდენტის შემოსავლები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება - ვარდგეს ვარდანიანი სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის ქარხნის, Armenia Wine-ის 80-პროცენტიან წილს ფლობს, რომელიც 2008 წელს გაიხსნა და საწყისი 10 წლის განმავლობაში მისი განვითარებისთვის 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. 2018 წლის მონაცემებით, ქარხანა წელიწადში 8 მილიონ 500 ათას ბოთლს აწარმოებდა, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 14 მილიონ ბოთლამდეა გაზრდილი და ღვინის ექსპორტი 50 ქვეყანაში ხორციელდება.

2024 წლის მარტში კლუბის რებრენდინგი განხორციელდა და ცნობადობის გასაზრდელად, Digitain-ის ელჩად ლუიშ ფიგუ დაინიშნა, რომელიც კომპანიის სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს. რებრენდინგამდე კი, 2023 წლის შემოდგომაზე კი, ლეგენდარული პორტუგალიელი ერევანში იყო ჩასული, სადაც „ნოას“ აკადემიის ფეხბურთელებს შეხვდა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. თუმცა, ფიგუს როლი კლუბის განვითარებაში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და ხელმძღვანელების მრჩევლის ფუნქციებსაც რომ ითავსებს, ამაზე „ნოასა“ და „სპორტინგის“ კოლაბორაციაც კარგად მეტყველებს. ლისაბონური გრანდიდან სომხებმა განვითარებისა და მოთაშეთა შერჩევის მენეჯერების გარდა, ოპერაციების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტიც ჩამოიყვანეს.

გაზაფხულზე კლუბის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა - წავიდა თხუთმეტი ფეხბურთელი და დაიმატეს ოცი მოთამაშე, საბოლოოდ კი გასულ სეზონში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ და ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩნენ. მორიგი საკადრო წმენდა კი ზაფხულში მოხდა - 18 მოთამაშის გაშვებას, 16 ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება და ახალი მთავარი მწვრთნელის, ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი რუი მოტას მიყვანა მოჰყვა, რომელმაც „დილას“ Crystalbet ეროვნული ლიგის პირველი წრე მოაგებინა.

11 ივლისს, „შკენდიასთან“ უეფას კონფერენს ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ნოას“ ძირითადში რვა ფეხბურთელი გახლდათ ისეთი, რომლებიც კლუბში სულ რაღაც ათი დღის ჩარიცხულები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მოტას მომზადებულმა გუნდმა ეს ბარიერიც გაიარა და მომდევნოც, სადაც მალტის „სლიემა“ 7:0 დაამარცხა და ეს იყო ისტორიაში სომხეთის ამა თუ იმ კლუბის მიერ ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება ევროტურნირებზე. ამას მოჰყვა ერიკ ლამელას, დომაგოი ვიდას და ლევი გარსიას „აეკის“ კონფერენს ლიგიდან გამოთიშვა და „ნოა“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, სადაც დებიუტანტის კვალობაზე თავს არ ირცხვენს - მოუგო „მლადა ბოლესლავს“, ქულები გაიყო „ვიკინგურთან“ და მიუხედავად „ჩელსისთან“ (0:8) საგარეო სამარცხვინო მარცხისგან, „სტემფორდ ბრიჯზე“ სომხებს ასე სუსტად არ უთამაშიათ, 15-ჯერ კარისკენ, 7-ჯერ კი კარში დაარტყეს და 43-პროცენტიანი ბურთის ფლობა ჰქონდათ.

თხუთმეტი ტურის შემდეგ „ნოა“ სომხეთის ჩემპიონატში 37 ქულით მეორე ადგილზეა და „ურარტუს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება. თუმცა, რუი მოტას მომზადებული გუნდი ოქროს მედლების მოპოვების მთავარი ფავორიტია, რადგან ლიდერთან შედარებით, სამი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი სომხებს ბოლო ტურში სტუმრად სერბეთის „ბაჩკა ტოპოლასთან“ აქვთ სათამაშო და გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით პლეი ოფის საგზურს მოიპოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გორის დილას კვლავ პორტუგალიელი გაწვრთნის
გორის დილას კვლავ პორტუგალიელი გაწვრთნის