Aa
Aa

"ფაჩულია მათ სივრცეებს უხსნის"..."ის თამაშს უფრო კომფორტულს ხდის"

"გოლდენ სტეიტმა" NBA-ში ბოლო მატჩი 31 იანვარს გამართა და "მემფისს" 141:128 სძლია.

ხსენებულ შეხვედრაში ბრწყინვალე იყო "უორიორსის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომლის დამაჯერებელი ასპარეზობა მატჩის შემდეგ, mercurynews-სთან საუბრისას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმაც აღნიშნა.

"ძალიან ცუდია, რომ სტეფ კარიმ ზაზა ფაჩულიას საღამო მოპარა", აღნიშნა ხუმრობით კერიმ. "მას ხუთი მატჩი გაუცდა და ამის შემდეგ, მისთვის ასეთი ნაყოფიერი შეხვედრა აუცილებელი იყო.

გუნდი ზაზას აფასებს იმის გამო, რომ მას პარკეტზე თანაგუნდელებისთვის კომფორტის შექმნა შეუძლია. ფაჩულია მათ სივრცეებს უხსნის და ამან შედეგი "მემფისის" წინააღმდეგაც გამოიღო. მეტოქე გუნდის მოთამაშეებმა ყურადღება კარისა და დურანტზე გადაიტანეს, რითიც ზაზამ კარგად ისარგებლა".

მატჩის შემდეგ, ფაჩულიას კარგ თამაშს მისი თანაგუნდელი კევინ დურანტიც გამოეხმაურა: "ზაზამ შესანიშნავი კალათბურთი აჩვენა. ის თამაშს უფრო კომფორტულს ხდის".

შეგახსენებთ, რომ "მემფისთან" მოგებულ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიამ 24 წუთში, 17 ქულა, 8 მოხსნა და 6 გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

რაც შეეხება სტეფ კარის, რომელიც ტრავმის შემდეგ პარკეტს პირველად დაუბრუნდა, მის ანგარიშზე 25 წუთში, 38 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

აღსანიშნავია, რომ კარიმ 13 სამქულიანიდან 10-ის ჩაგდება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები