ანტონიო კონტე
Aa
Aa

„სამარცხვინო არაფერია, უფრო ძლიერმა გაიმარჯვა“ - კონტე ატალანტასთან მარცხზე

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ DAZN-თან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა კონტემ:

„ვფიქრობ, გუნდმა სწორად ითამაშა, ხარვეზები კი დასკვნით ფაზაში იყო, სადაც უკეთესად თამაში შეგვეძლო. ენთუზიაზმზე და მოგების სურვილზე ვერაფერს ვიტყვი, ბიჭებს ვერაფერში დავადანაშაულებ, რადგან აქამდე ძალიან კარგად მოვედით“.

„წინასწარ მომზადებული სიტუაციები გვქონდა, თუნდაც კაცთან პირისპირ თამაშისას. ვიცოდით, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო, მოქმედებები დავგეგმეთ და სწორადაც განვავითარეთ, მაგრამ დარტყმებში არაზუსტები ვიყავით და „ატალანტასთან“ შედარებით, ბოლო პასს ხშირად ვაფუჭებდით. თუმცა, შანსების მხრივ თანაბარი მატჩი იყო“.

„რეალობა ისაა, რომ „ატალანტა“ ამჟამად ჩვენზე ძლიერი გუნდია. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ეს ტყუილად არ მითქვამს, ამას ნამდვილად ვაანალიზებ. არ დაგვავიწყდეს, გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ გუნდურობას“.

„ეს მატჩი სწორად უნდა შევაფასოთ. გასულ სეზონში „ნაპოლი“ მეათე ადგილზე გავიდა, „ატალანტა“ კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. მათ ჰყავთ რამდენიმე შეჯიბრებისთვის აღჭურვილი გუნდი, შესანიშნავი მწვრთნელი და შტაბი... ამიტომ, სამარცხვინო არაფერია“.

11 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 25 ქულით კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს, სტუმრად „ინტერის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები