ფაჩულია მწყობრშია და დღეს "კლივლენდთან" ითამაშებს!
"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია დღეს გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც მოგეხსენებათ, ზაზამ მხრის ტრავმის გამო ბოლო 7 მატჩი გამოტოვა, თუმცა ოკლენდელთა ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, ფაჩულია დღევანდელი შეხვედრისთვის 100%-ით მზად არის.
"უორიორზს" ზაზას გარდა ასევე უბრუნდება შონ ლივინგსტონი, რომელსაც მუხლის ტრავმის გამო 4 შეხვედრა გაუცდა.
"გოლდენ სტეიტი" დღეს საბრძოლო შემადგენლობით მაინც ვერ იქნება, რადგან გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო სტეფ კარიმ.
თავის მხრივ, დანაკლისითაა "კლივლენდიც", რომელსაც აიზია ტომასი, დერიკ როუზი და იმან შამპერტი ვერ დაეხმარება.
NBA-ს რეგულარული სეზონის ცენტრალური დაპირისპირება თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.