„საჩივარი სანდროსთვის შეღავათი ვერ იქნება“ - ბერიშვილი ფარიკაობის მსაჯობაზე
სანდრო ბაზაძე მედლის გარეშე კიდევ ერთ ოლიმპიურ თამაშებზე დარჩა და ამაში მთავარი დამნაშავე ისევე როგორც სამი წლის წინ ტოკიოში, ამჯერადაც მსაჯები არიან. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის მიერ მომზადებულ საჩივარში ნათლად წერია, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ 5 დარტყმა ესპანელმა არბიტრმა ქართველი მოფარიკავის მეტოქეს უსამართლოდ ჩაუთვალა. სწორედ ამ თემას შეეხო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი გადაცემაში „სპორტი იმედზე„ პირდაპირი ჩართვის დროს.
რა თქვა ბერიშვილმა
ისევე როგორც ყველა ტურნირზე, სანდრო ბაზაძემ მედლის მოსაპოვებლად ამჯერადაც მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა სამწუხაროდ, ეს საკმარისი აღმოჩნდა.
რაც შეეხება მსაჯობას, ფარიკაობა სპორტის სპეციფიური სახეობაა, შორიდან არაფერი არ ჩანს და არბიტრები ხშირ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას გადამოწმების შედეგად იღებენ ხოლმე, მაგრამ ისინი ამჯერადაც სანდროს წინააღმდეგ წავიდნენ.
ვიცი, რომ საჩივარი მომზადდა და გაგზავნილია, მაგრამ როგორც მითხრეს საბოლოო შედეგი არ გადაიხედება და შესაბამისად, ეს საჩივარიც რამდენად იქნება შეღავათი სანდროსთვის, რთული სათქმელია.
ეგვიპტელ მოფარიკავე ამერისთან 14:15 დამარცხების შემდეგ, სანდრო ბაზაძე არბიტრების მუშაობით იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ საშეჯიბრო ბილიკიდან დიდი ხნის განმავლობაში არ გადიოდა და მსაჯებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდა.