Aa
Aa

"რეალი" დიბალას სანაცვლოდ 70 მილიონსა და ძირითადის მოთამაშეს თმობს!

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის შემტევი ხაზის ასპარეზობით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს დიდ ცვლილებებს გეგმავს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბევრჯერ დაიწერა, რომ "რეალს" ჰარი კეინის გადაბირება სურს, თუმცა "ტოტენჰემი" ინგლისელ ფორვარდს არარეალურ ფასს (250 მილიონი) ადებს.

კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩაგდების შემდეგ, მადრიდელებმა უარი კეინზეც მიიღეს, რასაც მაურო იკარდის უარიც მოჰყვა.

Rai Sport-ის ცნობით, სამეფო კლუბმა მიზანში ამჯერად პაულო დიბალა ამოიღო. არგენტინელი ფორვარდის გაყიდვას "იუვენტუსი" არ გეგმავს, თუმცა წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელმა ზაფხულში შემოთავაზებები განიხილოს.

კულუალური ინფორმაციით, "რეალი" "ბებერ ქალბატონს" 70 მილიონ ევროსა და ტონი კროოსს სთავაზობს.

ცნობილი ამბავია, რომ "იუვეს" ნახევარდაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება სურს და სასურველ კანდიდატურას ჯერაც ვერ მიაგნო. კროოსი კი მათთვის იდეალური ვარიანტია, თუმცა დიბალას სანაცვლოდ? რამდენად უღირთ ტურინელებს ამხელა რისკზე წასვლა?

საბოლოოდ, ყველაფერი მაინც დიბალაზე იქნება დამოკიდებული. "რეალი" კი ახალი სეზონიდან მოდრიჩისთვის 10 ნომრის ჩამორთმევას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პერესი მეგა ტრანსფერისთვის ემზადება...

შეგახსენებთ, რომ 24 წლის პაულო დიბალა "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 115 შეხვედრაში 56 გოლი და 21 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები