პრემიერლიგის მორიგი ვარსკვლავი "ბარსას" რადარზე - კოუტინიოს კიდევ ერთი ალტერნატივა
როგორც ცნობილია "ბარსა" ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და მათი ნომერ პირველი სამიზნე კვლავინდებურად ფელიპე კოუტინიოა, თუმცა კატალონიელები პარალელურად სათადარიგო გეგმაზე აქტიურად მუშაობენ.
Goal-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" კოუტინიოს ალტერნატიულ ვარიანტად ლონდონის "ჩელსის" შემტევს ვილიანს განიხილავს.
29 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2019/2020 წლების სეზონში ეწურება.
მისი ასაკის და ასევე მისდამი კონტეს დამოკიდებულების გათვალისწინებით, "ბარსას" ვილიანთან მოლაპარაკება არ უნდა გაუჭირდეს.
წლევანდელ სეზონში ანტონიო კონტე ვილიანს სულ უფრო ცოტა სათამაშო დროს აძლევს, რაც ფეხბურთელის უკმაყოფილებას იწვევს.
ბრაზილიელი ნახევარმცველი უნივერსალია და მას ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. კატალონიელთა დაინტერსების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ.
საინტერესოა, რომ ფელიპე კოუტინიოსა და ვილიანის აგენტი ჟულიანო ბერტოლუჩი გახლავთ, რომელმაც გასულ ზაფხულს პაულინიოს "ბარსელონაში" განხორციელებულ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ვილიანი "ჩელსის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 202 მატჩში 35 გოლი და 32 შედეგიანი გადაცემაა.
