გიორგი მამარდაშვილი, სტოლე დიმიტრიევსკი, დომინიკ გრეიფი
Aa
Aa

მამარდაშვილის წასვლა გარდაუვალია - ვალენსია მის შემცვლელს ეძებს

წლევანდელი სეზონი რაც უფრო უახლოვდება დასასრულს, „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შესახებ მით უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ცნობებით, „ღამურების“ ხელმძღვანელებმა კლუბის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 23 წლის მეკარის 40 მილიონ ევროდ გაყიდვა გადაწყვიტეს და მსურველი გუნდებისგან შემოთავაზებებს ელიან.

მამარდაშვილის სანაცვლოდ მიღებული თანხით ვალენსიელები ვალების გასტუმრებაზე ფიქრობენ, გიორგის შემცვლელად კი ისეთი გოლკიპერის დამატება სურთ, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და მას კონტრაქტს უფასოდ გაუფორმებენ. ერთ-ერთი ასეთია სტოლე დიმიტრევსკი - 30 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელს „რაიოსთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავადაც დიდი სურვილი აქვს კარიერა „ვალეკანოზე“ გაცილებით ძლიერ თუ არა, უკეთესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბში განაგრძოს. სათადარიგო ვარიანტად განიხილება „მალიორკას“ სლოვაკი მეკარე დომინიკ გრეიფი, თუმცა მას ჯერჯერობით ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და შესაძლოა ბალეარელებმა ისეთი თანხა მოითხოვონ, რომლის გადახდაც ვალენსიელებმა საჭიროდ არ ჩათვალონ. თანაც, დიმიტრევსკის მასთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ წლებია ესპანეთის ლა ლიგაში გამოდის და „რაიოში“ გადაბარგებამდე, სხვადასხვა დროს „გრანადასა“ და „ხიმნასტიკის“ ღირსებას იცავდა.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით პრიმერადივიზიონში ოცდათორმეტ ტურში 34 გოლი გაუშვა (მესამე მაჩვენებელი ლიგაში) და საკუთარი კარი მშრალად 12 შეხვედრაში შეინახა. მისი გადაბირებით უფრო მეტად ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან. თუმცა, ბოლო ცნობებით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის სატრანსფერო ბრძოლაში შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნიც“ ჩაერთოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამ კომპონენტში საუკეთესოა - მამარდას უნიკალური შედეგი ლა ლიგაში
ამ კომპონენტში საუკეთესოა - მამარდას უნიკალური შედეგი ლა ლიგაში