გიორგი მამარდაშვილი, ფრენკი დე იონგი, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, პიერ-ემერიკ ობამეიანგი
Aa
Aa

მამარდაშვილი ბარსას წინააღმდეგ - როგორია ქართველი მეკარის სტატისტიკა

29 აპრილს, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში „ვალენსიას“ ურთულესი მატჩის გამართვა მოუწევს. გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდებიან, რომელმაც გუშინ მთავარი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის კიდევ ერთი სეზონით დარჩენის შესახებ გამოაცხადა. 23 წლის ქართველი მეკარე კარიერაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და „ღამურები“ ამ დრომდე ევროტურნირების საგზურის მოპოვების შანსს რომ ინარჩუნებენ, მისი უდიდესი დამსახურებაა.

მამარდაშვილმა წლევანდელ ლა ლიგაში სამი პენალტი მოიგერია, რაც მთლიანად პრიმერაში საუკეთესო მაჩვენებელია. გარდა ამისა 32 შეხვედრაში საკუთარი კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა და ძირითადში ზედიზედ 69 მატჩი დაიწყო, რითაც „ვალენსიას„ მეკარეებს შორის რეკორდსმენი გახდა. მიუხედავად ჩინებულ ფორმაში ყოფნისა, „ბარსელონასთან“ გიორგის კარგი მოგონებები მაინც არ აკავშირებს. პირადად მას კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ოთხჯერ აქვს ნათამაშები და აქედან „ვალენსია“ სამჯერ დამარცხდა და ერთი ფრე ითამაშა.

„ბარსასთან“ მამარდაშვილის დებიუტი 2022 წლის 20 თებერვალს შედგა, როდესაც მან და მისმა თანაგუნდელებმა „მესტალიაზე“ კატალონიელებთან 1-4 წააგეს. ჰეთ-თრიკი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეასრულა, ერთი ბურთი კი გიორგის კარში ფრენკი დე იონგმა გაიტანა, რასაც მასპინძლების რიგებში ერთი გოლით კარლოს სოლერმა უპასუხა.

შარშანდელ სეზონში ბარსელონელებმა ვალენსიელები როგორც სტუმრად, ასევე საკუთარ მოედანზე მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხეს. მამარდაშვილმა განსაკუთრებით კარგად „მესტალიაზე“ იასპარეზა, სადაც უამრავი რთული ბურთი მოიგერია, თუმცა არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში რობერტ ლევანდოვსკის დარტყმას ვერაფერი მოუხერხა. „კამპ ნოუზე“ კი მას გამარჯვების გოლი რაფინიამ გაუტანა.

ერთადერთი ფრე, რომელსაც მამარდაშვილის მოედანზე ყოფნის დროს „ვალენსიამ“ „ბარსელონასთან“ მიაღწია, მიმდინარე სეზონში დაფიქსირდა. 17 დეკემბერს ჟოაო ფელიქსის მიერ 55-ე წუთზე გატანილ ბურთს, ზუსტად 15 წუთში უგო გილამონმა უპასუხა.

ოცდათორმეტი ტურის შემდეგ 47 ქულით „ვალენსია“ მერვე ადგილზეა და რომელიმე ევროტურნირის საგზურისთვის იბრძვის. „ბარსელონა“ – „ვალენსიას“ მატჩი ორშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
21-ე საუკუნის ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - ElDesmarque-ს სტატია მამარდაზე
21-ე საუკუნის ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - ElDesmarque-ს სტატია მამარდაზე