გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძე უნდა გაიფორმონ | Bleacher Report-ის რჩევა ჩიკაგო ბულსს

Bleacher Report-მა „ჩიკაგო ბულსს“ გოგა ბითაძის გაფორმება ურჩია. NBA-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველი ცენტრი თავისუფალი აგენტი ხდება და Bleacher Report-ის მიხედვით, ანდრე დრამონდის წასვლის შემთხვევაში, „ჩიკაგომ“ აქცენტი სწორედ გოგაზე უნდა გააკეთოს.

„ბოლო ორი სეზონია, ჩიკაგოს, ანდრე დრამონდის სახით, NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო სათადარიგო ცენტრი ჰყავს. არის შანსი, ბულსისთვის დრამონდი ზედმეტად პროდუქტიული კალათბურთელი აღმოჩნდეს, რათა მისი შენარჩუნება მოხერხდეს და თუ ანდრე სხვა გუნდში წავიდა, ჩიკაგომ მის შემცვლელად ბითაძე უნდა აიყვანოს.

24 წლის ცენტრმა კარიერის საუკეთესო რეგულარული სეზონი ჩაატარა. მისი გარღვევა ნაწილობრივ გადაფარული იყო იმით, რომ ლიმიტირებული როლი ჰქონდა და არაა გამორიცხული, ვერ მიიღოს ისეთი კონტრაქტი, როგორსაც მისი თამაში იმსახურებს. თანაც, ძირითადად, სამწამიანში მოქმედებს და თანამედროვე გუნდების ხელმძღვანელებისთვის ეს დიდად აღმაფრთვანებელი პერსპექტივა არაა.

მიუხედავად ამისა, გოგა სუპერ საიმედო ფინიშერია და პარკეტიდან ნასროლი ბურთების 60.3 პროცენტს აგდებს. ბითაძე ფარსაც კარგად იცავს (1.2 დაფარება 15.4 წუთში) და თამაშს მშვენივრად კითხულობს, რაც მეპასე ცენტრის ფუნქციების შეთავსებაში ეხმარება“, - წერს Bleacher Report-ი.

საინტერესოა, რომ გოგას გარდა, ცნობილმა გამოცემამ „ჩიკაგოს“ კიდევ ორი კალათბურთელი ურჩია: დერიკ ჯონს ჯუნიორი და ტორინ პრინსი. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნამდე კი, „ორლანდოს“ პლეიოფის სერია ელის, რომელშიც „კლივლენდ კავალიერსს“ ხვდება. „ბულსს“ რაც შეეხება, „ჩიკაგო“ პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის და თუ „მაიამი ჰიტი" დაამარცხა, პირველ რაუნდში „ბოსტონ სელტიქსს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“
თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“