ჩავი ერნანდესი, პედრი
Aa
Aa

„რთული მომენტები გვექნება, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ“ - ჩავი და პედრი პსჟ-სთან მატჩის წინ

16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე პსჟ-ს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე „ბლაუგრანას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ:

ამ სეზონში, რაფინია როგორც შეტევაში, ისე დაცვაში გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ხვალაც, ჩვენთვის საკვანძო ფიგურა იქნება. ლამინე და კუბასი მოტივირებულები არიან. ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით ისინი მუდამ სვამენ კითხვებს და ასე ხდება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საღამო ახლოვდება.

ხვალინდელი მატჩი ეხება ფეხბურთელებს და არა მწვრთნელებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი შთაგონებულები იქნებიან, რადგან ყველაფერი მათზე იქნება დამოკიდებული. „მონჟუიკი“  უნდა იყოს გაზქურა, გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. იქნება რთული მომენტები, როდესაც მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვაქცევს, მაგრამ ამას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ. მართალია, „მონჟუიკი“ „კამპ ნოუ“ არაა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ატმოსფეროთი დაემსგავსება.

ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, პედრიმაც გააკეთა.

პედრი:

პარიზელები ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფერს ჩადებენ. ამ თამაშს შესაბამისად უნდა მივუდგეთ და პირველი მატჩის შედეგი უნდა დავივიწყოთ. უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.

გუნდი ძალიან მონდომებულია და თამაშს მოუთმენლად ელოდება. პირადად მე, რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ დაბრუნებით მოხარული ვარ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, რაც აქამდე მქონია, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალთან ერთად. ერთმანეთს ორი თანაბარი გუნდი ხვდება, რომელსაც ერთი და იგივე შედეგის მიღწევა სურს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და პსჟ-ის პირველი დაპირისპირება პარიზში ჩავის გუნდის გამარჯვებით - 2:3 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები