გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის საკვანძო პასები - უოტფორდის მარცხი და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილება

ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურში „საუთჰემპტონმა’’ შინ „უოტფორდი’’ 3:2 დაამარცხა. „უოტფორდის'' მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ტომ კლევერლიმ ჩაკვეტაძე სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა 28-დან 27 პასი ზუსტად შეასრულა. ასევე, მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა, თუმცა ჩაკვეს პასებით გამწვავებული შეტევები მისმა თანაგუნდელებმა გოლით ვერ დაასრულეს.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს, 85-ე წუთზე ისმაელ კონემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მე-9 დამატებულ წუთზე ფლინ დაუნსმა გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო. დაუნსის განეიტრალებას გიორგი ჩაკვეტაძე ცდილობდა, „უოტფორდის'' ფეხბურთელები გოლის გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ დაუნსს ბურთი ხელზე მოხვდა. ჩემპიონშიფში VAR-ი არაა და მთავარმა მსაჯმა გოლი ჩათვალა, საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატსა და ასოციაციის თასზე საერთო ჯამში 37 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა.

24-გუნდიან ჩემპიონშიფში „უოტფორდი'' 52 ქულით მე-15 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს 19 ქულით ჩამორჩება და ფლეი-ოფის ზონაში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს, გასავარდნ ზონას 8 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება.

გასულ ზაფხულში „გენტმა'' ჩაკვე ერთი სეზონით „უოტფორდში'' გაანათხოვრა,  ზამთარში ინგლისურმა კლუბმა კრეატიული ქართველი ნახევარმცველი გამოისყიდა და მასთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები