შოთა არველაძე
Aa
Aa

არველაძე: საბერძნეთთან არასდროს მოგვიგია, მაგრამ ახლა უნდა დავამარცხოთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა შოთა არველაძემ ბერძნულ SDNA-სთან ინტერვიუში საქართველო-საბერძნეთის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. არველაძის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

„ყაზახეთთან მატჩი ვნახე, საბერძნეთის ნაკრებმა ბრწყინვალედ ითამაშა. ანალოგიურად ვფიქრობ საქართველოს ნაკრებზე, კარგად ვითამაშეთ და 2:0 მოვიგეთ.

ჩვენ ძალიან უნარიანი გუნდი გვყავს, კარგი ფორვარდები, კარგი ნახევარმცველები. ამავეს ვფიქრობ მცველებზე, რომლებსაც გამოცდილება დაუგროვდათ. ასევე, მეკარე ბრწყინვალეა. ბოლო 5-6 წელია კარგად ვთამაშობთ, რაც განსაკუთრებით ერთა ლიგის მატჩებს ეხება. გახსოვთ რამდენად ახლოს ვიყავით ევროპის ჩემპიონატთან, როცა ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით. ახლა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მეორე შანსი გვაქვს.

თუ ორივე ნაკრების შესაძლებლობებს განვიხილავთ, გავიაზრებთ რომ ამ წყვილს ფავორიტი არ ჰყავს. ორივე კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთი შეხებით შეუძლიათ.

საბერძნეთთან არასდროს მოგვიგია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეა. ვფიქრობ ახლა საბერძნეთი უნდა დავამარცხოთ და ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენი ისტორიისთვის.

გამარჯვება არ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენ გვყავს კვარაცხელია, რომელსაც თამაში ნებისმიერ ევროპულ კლუბში შეუძლია.

საბერძნეთის ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, ბაკასეტასი ფანტასტიკური მოთამაშეა. ასევე, ციმიკასი, მავროპანოსი, ბალდოკი, ვლახოდიმოსი’’.

საქართველო-საბერძნეთის 9 დაპირისპირებიდან ბერძნებმა 7 მოიგეს, 2 ფრედ დასრულდა.

ევრო 2024-ის ფლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთია, ნახევარფინალში ბერძნებმა შინ ყაზახეთი 5:0 გაანადგურეს. საქართველო-საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, „დინამო არენაზე'' გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები