ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

„ერთიანობა მნიშვნელოვანია. საერთო მიზანს ასე მივაღწევთ“ - ალექსანდრე იაშვილი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის შეხვედრამდე 1 კვირით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილიც გაესაუბრა.

ალექსანდრე იაშვილი:

ჯაბა არის მაგალითი თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის სახელით ითამაშო და გეცვას ნაკრების მაისურით. მისი დიდი სურვილი იყო, რომ ეთამაშა. ბრატისლავაში ვიყავით და ვესაუბრეთ. მისგან დადებითი ემოცია წამოვიდა და ბედნიერი ვარ, რომ ის დაგვეხმარება.

მთავარია ერთიანობა, ეს ერთიანობა ყველასგან უნდა მოდიოდეს, რადგან ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ამისთვის ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ერთიანობით მიზნის შესრულებას შევძლებთ.

ფეხბურთელებთან კომუნიკაცია და თამაშების ნახვა მნიშვნელოვანია. ყველა ფეხბურთელმა იცის ამ თამაშის მნიშვნელობა და ყველას ერთი მიზანია. ყველა ფეხბურთელი მენტალურად და ფიზიკურად მზად არის. ველოდებით, რომ ყველა ჯანმრთელად იქნება. ფეხბურთელები საგურამოში იცხოვრებენ. დახურული ტერიტორიაა და იქ მოემზადებიან მშვიდ გარემოში.

სანიოლი ირლანდიის ნაკრებში? ძალიან კარგია, როდესაც შენი მწვრთნელი სხვა ქვეყნებს უნდათ, რადგან ეს ნიშნავს, რომ გარგად მუშაობს. მაგრამ ახლა ამაზე საუბარი სწორად არ მიგვაჩნია.

რაც შეეხება ილია თოფურიას, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი თანამემამულე ასეთ წარმატებას აღწევს. გვინდა, რომ თამაშის დაწყებამდე სტადიონზე წარდგეს და გაგვიხარდება, თუ ეს საკითხი გამოგვივა. უეფასთან მოლაპარაკება მიდის და როგორც კი რამე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში 21 მარტს, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი 26 მარტს, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები