მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

ოვაციებით შეხვდნენ - დვალიშვილი UFC-ის ღონისძიებაზე მექსიკის დროშით მივიდა

MMA-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის ღონისძიებაზე მექსიკის დროშით და მექსიკელთა ტრადიციული ქუდით მივიდა, პუბლიკა ქართველს ოვაციებით შეხვდა.

ღონისძიების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ბრენდონ მორენომ მერაბ დვალიშვილის იმ ქმედებაზე ისაუბრა, როცა ქართველმა ჰენრი სეხუდოსთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მექსიკის დროშა ააფრიალა.

ბრენდონ მორენო: „ის, რაც მერაბმა გააკეთა, შესანიშნავი რამ იყო. თან მექსიკის დროშა ანაჰაიმში გამოფინა, სადაც ბევრი მექსიკელი ცხოვრობს. როცა მისი ქმედება დავინახე, გამეცინა, მაგრამ პარალელურად, სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, რადგან დვალიშვილის, მექსიკის დროშით ხელში ხილვა, მაგარი მომენტი იყო. მერაბს ვიცნობ და ძალიან კარგი ბიჭია. მიხარია, სეხუდოსთან ბრწყინვალე გამოსვლა რომ აჩვენა და ჩვენი ძმაა. არის თუ არა საპატიო მექსიკელი? კი! მერაბი Hermano-ა!”.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გასულ კვირაში, როცა მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს პრესკონფერენცია გაიმართა, ქართველმა ჰენრის მექსიკის დროშა აუფრიალა. სეხუდო, რომელიც წარმოშობით მექსიკელია და აშშ-ის მოქალაქეა, მის ისტორიულ სამშობლოზე, მექსიკაზე არასდროს საუბრობს. ჰენრი სეხუდოს მექსიკისადმი ეს დამოკიდებულება დვალიშვილმა საკუთარ სიტყვებსა და ქმედებაში გამოიყენა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მექსიკას წარმომადგენელი სჭირდება და ასეთი თავად მერაბი იქნება.

„მექსიკას მე გავაბედნიერებ, მექსიკის წარმომადგენელი მე ვიქნები, ამ ქვეყანას სჭირდება ის, ვინც მას წარმოადგენს. მექსიკა იამაყებს ჩემით'' - ეს სიტყვები დვალიშვილმა ყვირილით დაასრულა და მექსიკის დროშა გაშალა, შემდეგ კი ჰენრი სეხუდოს მიმართა: „პატივს გცემ, მაგრამ ახლა უკვე ჩემი დროა. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემპიონი გავხდე''.

მოგეხსენებათ, დვალიშვილმა სეხუხო დაამარცხა, დღეს კი მერაბი ღონისძიებაზე მექსიკის დროშითა და მექსიკური ქუდით მივიდა. ღონისძიებას მექსიკამ უმასპინძლა და ცხადია დარბაზში საკმაოდ ბევრი მექსიკელი იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები