კვარას მხარდაჭერა სჭირდება - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
ტომაზო რომიტომ, რომელიც 2005-06 წლებში „ნაპოლიში'' თამაშობდა, რადიოგადაცემა 1 Football Club-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ქართველი გარემარბი პროგნოზირებადი გახდა, მისი განეიტრალება მაინც რთულია.
„კვარაცხელია მაღალი დონის ხარისხს აჩვენებს. ამბობენ რომ კვარაცხელიას თამაში პროგნოზირებადი გახდა, იგივე რაღაცებს აკეთებს. ამ აზრს არ ვეთანხმები. მეტოქე რომც იცნობდეს, მას ისეთი პერფორმანსი აქვს, მცველის მოტყუებას მაინც ახერხებს. შესაძლოა, მისი დრიბლინგი ჩვეულებად იქცა, თუმცა მისი განეიტრალება მაინც რთულია.
კვარაცხელიას მხარდაჭერა სჭირდება. თავად დაცვას ყოველთვის ეხმარება, მისმა თანაგუნდელებმაც ანალოგიურად უნდა იმოქმედონ, მცველები და ნახევარმცველები უნდა დაეხმარონ’’.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა, სერია ა-ს 14 მატჩში მის აქტივში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
Opta-ს სტატისტიკის მიხედვით ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიდან (არ იგულისხმება სტანდარტული მდგომარეობები) გოლის გატანის 14 შანსი შექმნა. ხვიჩა ლიდერთა შორისაა და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ იოჰან ბაკაიოკოსა და ჯუდ ბელინგემს აქვთ - 15-15, აშრაფ ჰაკიმის ანგარიშზე კი, რომელსაც მე-6 ტურის შეხვედრა სათამაშო აქვს, ასევე 14 შანსია. კვარაცხელიამ 6 მატჩში 223 გადაცემა შეასრულა და მისი პასების სიზუსტე 84 პროცენტი გახლდათ. „კვარამ“ ბურთი 17-ჯერ დაიბრუნა, დრიბლინგზე კი 52-ჯერ წავიდა, რაც ჯგუფურ ეტაპზე უმაღლესი მაჩვენებელი იყო. 52 მცდელობიდან წარმატებული 24 იყო, რაც თამაშში საშუალოდ 4 წარმატებული დრიბლინგია.