ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, ბრაგა, ბრაგა, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

ნაპოლი VS ბრაგა - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „ნაპოლი“ „ბრაგას“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

სატურნირო ცხრილი

ჯგუფს მადრიდის „რეალი“ 15 ქულით ლიდერობს. „ნაპოლი“ 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო „ბრაგა“ 4 ქულით მესამე პოზიციაზე მოგვევლინა. იმისათვის, რომ პორტუგალიური კლუბი მერვედფინალში გავიდეს, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე 2-ბურთიანი სხვაობით უნდა გაიმარჯვოს.

ამ გუნდების წინა მატჩი

„ნაპოლისა“ და „ბრაგას“ პირველი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს გუნდს რუდი გარსია ხელმძღვანელობდა და მოგება საკმაოდ გაუჭირდა. ანგარიში 45-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა. მეორე ტაიმში, ბრუმამ 84-ე წუთზე გაათანაბრა და ყველაფერი იქითკენ უნდა წასულიყო, რომ გუნდები ქულებს გაიყოფდნენ, თუმცა 88-ე წუთზე ნიაკატემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ნაპოლიმ“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

„ნაპოლი“

ვალტერ მაცარის დაბრუნება თავდაპირველად წარმატებული გამოდგა და „ნაპოლიმ“ „ატალანტას“ 2:1 მოუგო, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ სამი მარცხი „რეალთან“, „ინტერთან“ და „იუვენტუსთან“.

„ბიანკონერისთან“ წაგების შემდეგ, „პარტენოპეი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში დაქვეითდა. მოქმედ ჩემპიონს 24 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. შეიძლება ითქვას, „ნაპოლი“ „ბრაგასთან“ მატჩს ცუდ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

ვალტერ მაცარის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში კვლავ მარცხენა მცველის პრობლემა ექნება. ტრავმირებულები არიან მატიას ოლივეირა და მარიო რუი. ასევე ცნობილია, რომ მონაწილეობას კაიუსტეც ვერ მიიღებს.

რა თქვა მაცარიმ მატჩის წინ?

ხვალინდელ შეხვედრაში, პირველ რიგში აუცილებელია, რომ განვლილი პერიოდი, რაც გვქონდა მოედანზე სრულყოფილად გადმოვიტანოთ. ჩემი პირველი მატჩიდან მოყოლებული ვფიქრობ, რომ გუნდი დღითიდღე გაუმჯობესდა, ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ გვაკლია ბალანსი, წონასწორობა უნდა ვიპოვოთ. არ უნდა გავუშვათ ისეთი გოლი, როგორც წინა მატჩებში, შარშან კი ასე საერთოდ არ ხდებოდა. მსურს დავინახო უფრო ყურადღებიანი, კომპაქტური დაცვის ხაზი, რომელიც იმედი მაქვს, გაუმჯობესდა, წინა თამაშებში ესეც გვაკლდა. გუნდი პირველივე შეცდომის დროს გოლს უშვებს, ხვალ კი მეტ სიმყარეს ველოდები. მინდა ისეთი ფეხბურთი ვითამაშოთ, როგორიც თუნდაც „იუვენტუსთან“, ან „ინტერთან“ პირველი ტაიმი იყო, რომელიც ჩემი აზრით ცუდი არ ყოფილა. უნდა ვაჩვენოთ, რომ მტკიცე ხასიათი გვაქვს და არაფერს ვთმობთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.

აქ დაბრუნების დროს გადაწყვეტილი იყო, რომ 4 მცველით ვითამაშებდი. გუნდში ამ პოზიციებზე იდეალური მოთამაშეები გვყავს, მაგრამ მაინც 3-მცველიან ტაქტიკაზე მეკითხებით... ნათანი მარცხენა ფლანგზე რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, ველოდები, რომ უფრო მეტს გააკეთებს. ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს და ვიცი, რომ ბრაზილიაში ხშირად თამაშობდა. ამ პოზიციაზე თამაში ძანიოლისაც შეუძლია, მაგრამ ტრავმის გამო შეზღუდული სათამაშო დრო აქვს. მთავარია, კომპაქტურები ვიყოთ. მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ვთამაშობთ, მაგრამ ამან მარცხენა ფლანგი არ უნდა შეაშინოს. ქართველების სახელები? იტალიურ სახელებსაც საშინლად ვიძახი.

მათ, ვინც ჩემპიონატი მოიგეს, ან გათამაშება მოწინავე პოზიციაზე დაასრულეს, ყოველთვის საუკეთესო დაცვა ჰყავდათ. ამ მომენტში, რასაც ვუყურებ, ვხედავ, რომ მეტი სიმყარე გვჭირდება. როდესაც კარის წინ შანსებს ვქმნით, უნდა გამოვიყენოთ. მთავარია შექმნა, ადრე თუ გვიან კი გოლების გატანას აუცილებლად დავიწყებთ. „იუვესთან“ კარისკენ 7-ჯერ დავარტყით. როცა დრო მექნება, მინდა გუნდი დარტყმებში ვავარჯიშო, რადგან ბოლო დროს აშკარად ცუდად ვისვრით. თუ შეხედავთ „ინტერთან“ თამაშს, ნახავთ, რომ მეტოქეს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია და ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა. როდესაც მჭიდროდ შეკრულ დაცვას ეთამაშები, მნიშვნელოვანია, რომ გოლის გატანა შორიდანაც შეგეძლოს. ამაზე აუცილებლად ვიმუშავებთ.

არავითარი შიშის ფაქტორი არ არსებობს, უბრალოდ სიმშვიდე გვაკლია. როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, გუნდი ამას მტკივნეულად განიცდის. როდესაც იგებ, პირიქით ხდება. აუცილებელია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გავიმარჯვოთ, რადგან ეს თვითრწმენისთვისაც მნიშვნელოვანია. სიმშვიდე მაშინ მოდის, როდესაც თავს ძლიერად გრძნობ. ამას მაშინაც კი ვგრძნობდი, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი. მინდა, რომ ხვალ კარგები და სოლიდურები ვიყოთ, კომბინირებულები და დაცვაში შეცდომების გარეშე. მეტოქე კონტრშეტევაზე ძლიერია და შეცდომები არ უნდა დავუშვათ. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მთავარი მიზანი გამარჯვება იქნება, თუნდაც, გოლის გაშვების გარეშე. ყველაზე მეტად ეს მინდა.“

ბრაგა

პორტუგალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში საშინელ ფორმაში მყოფ „უნიონ“ ბერლინს ვერ მოუგო. გამარჯვების შემთხვევაში, „ნაპოლისთან“ სხვაობა მინიმუმამდე შემცირდებოდა და მათ უბრალოდ გამარჯვებაც კი ეყოფოდათ მერვედფინალში გასასვლელად.

რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, „ბრაგა“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, რომელსაც ახლა 29 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „სპორტინგს“ 2 ქულით ჩამორჩება. გასულ ტურში, „ბრაგამ“ სტუმრად „ვიჟელა“ დაამარცხა და „ნაპოლისთან“ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება.

დანაკლისი:

ამ მხრივ „ბრაგას“ პრობლემები არ აქვს. „ნაპოლის“ წინააღმდეგ მხოლოდ ნიაკატე ვერ ითამაშებს, რომელმაც ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში ავტო გოლი გაიტანა.

რა თქვა არტურ ჟორჟემ მატჩის წინ:

გვსურს, რომ ხვალ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგაზე სამ უძლიერეს გუნდს შევხვდით, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ თამაში ნებისმიერთან შეგვეძლო. ხვალინდელი მატჩი ფინალის ტოლფასია, რადგან გადაწყდება გავალთ, თუ არა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.  „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. ჩვენის მხრივ, „ბრაგას“ ისტორიის გასაგრძელებლად უნდა ვიბრძოლოთ.

ორი ბურთით მოგება და მესიჯი ფეხბურთელების მისამართით? მესიჯი მარტივია: უნდა ვიყოთ ამბიციურები და მაქსიმუმი გავაკეთოთ. მთელი კლუბი ერთიანი უნდა იყოს, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია გამარჯვება. ჩვენი შესაძლებლობების უნდა ვირწმუნოთ და ამბიციებს უნდა მივყვეთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. თამაშს არახელსაყრელი სიტუაციიდან ვიწყებთ და ორი ბურთის სხვაობით მოგება გვჭირდება, მაგრამ ჩვენი ისტორიის დაწერას ვეცდებით. „ბრაგამ“ ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგო, „ნაპოლიმ“ კი ზედიზედ სამ მატჩში დამარცხდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და მეტოქე მაინც ძლიერ კოლექტივად რჩება. ვიცით, იტალიის ჩემპიონებს როგორი ღირებულებები აქვთ. ვიცით სირთულეების შესახებაც, მაგრამ ეს ჩვენს ამბიციას ვერ წაგვართმევს. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება.

ცნობისთვის, „ნაპოლისა“ და „ბრაგას“  მომავალი დაპირისპირება 12 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტოში თამაში დაიმსახურა - გერმანიაში ბუდუს აქებენ
სასტარტოში თამაში დაიმსახურა - გერმანიაში ბუდუს აქებენ