ხვიჩა კვარაცხელია, მასიმილიანო ალეგრი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„კვარა ცენტრში? არ ვიცი, რა მოამზადა მაცარიმ“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩზე

ხვალ, იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში ტურინის „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ტურინული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

რა თქვა ალეგრიმ:

ველით, რომ ხვალინდელი შეხვედრა შეუპოვარი იქნება. პირველი წრის დასრულებამდე 5 თამაში დარჩა და მათგან ორი განსაკუთრებით რთული იქნება - „ნაპოლისთან“ და „რომასთან“. ასევე, გველოდება რთული გასვლითი თამაშებიც. ჩვენი მიზანი პირველი წრის მაქსიმალურად მეტი ქულით დასრულებაა. შარშან წრე 38 ქულით დავასრულეთ, ახლა კი უკვე 33 ქულა გვაქვს და გვსურს, ეს შედეგი გავაუმჯობესოთ.

საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. „ინტერთან“ მატჩისა და „მონცასთან“ გამარჯვების შემდეგ გუნდში ეიფორია სწორი დოზითაა, მაგრამ გადამეტებული ემოციები არ გვინდა. „ინტერის“ წინააღმდეგ „ნაპოლიმ“ ძალიან კარგად ითამაშა და 2:0-მდე საქმეში იყო. ასევე საყურადღებოა, რომ მათ გასვლით თამაშებში 17 ქულა მოაგროვეს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე საყურადღებოა, რომ „იუვენტუსმა“ „ნაპოლისთან“ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

„ნაპოლი“ შარშანდელთან შედარებით განსხვავებული გუნდია, თუმცა, ბირთვი ფაქტობრივად იდენტურია. ერთადერთი კიმი აღარ არის. ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც ძლიერი გუნდია და ისინი ამას ყოველთვის ამტკიცებენ.

გვინდა თუ არა შარშანდელის გამო შურისძიება? ყველა სეზონი განსხვავებულია. შარშან მარადონაზე მძიმედ დავმარცხდით. მათ მნიშვნელოვანი სტანდარტები ჰქონდათ დაწესებული და ახლაც იგივეა. ეს გუნდი არასდროს ამბობს უარს თავის ღირებულებებზე, ისევე როგორც ჩვენ. გვინდა ყოველდღიურად გავუმჯობესდეთ და ყველა მეტოქე დავამარცხოთ.

გატი VS კვარა? ფედერიკო ბევრს შრომობს და ძალიან კარგად მუშაობს. წინ გიგანტური ნაბიჯებით მიიწევს. არ დაგვავიწყდეს, რომ სამი წლის წინ ის ჯერ კიდევ ლიგა პრო-ში თამაშობდა. მას ისევე სურს გაუმჯობესება, როგორც ყველა ფეხბურთელს. მას ამისთვის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს.

კვარა ცენტრში და ნათანი ფლანგე? არ ვიცი, რა მოამზადა მაცარიმ. სასიამოვნოა, რომ ის საქმეს დაუბრუნდა და ამდენი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 8 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე