სასიხარულო ინფორმაცია "რეალის" ქომაგებისთვის
სექტემბერში "რეალის" ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. დანი კარვახალს გულზე პრობლემები აღმოუჩინეს და ფეხბურთის თამაშის გარდა, მცირე ვარჯიშიც კი აუკრძალეს.
ესპანელ განაპირა მცველს გულზე ანთება ჰქონდა და იყო შანსი, რომ კარიერაც კი დაესრულებინა, თუმცა ყველაფერი მისდა სასიკეთოდ წარიმართა.
მადრიდული AS-ის ცნობით, კარვახალმა პრობლემა დაძლია და უკვე გამოჯანმრთელდა. წყაროს ცნობით, მან ივარჯიშა კიდეც.
ფეხბურთელის პირადი ექიმის თქმით, დანიმ ფიზიკურ დატვირთვებს გაუძლო და თუ რა მოხდება შემდეგში, ამას მოგვიანებით ვნახავთ.
ჯერჯერობით, კარვახალის მოედანზე დაბრუნების თარიღი უცნობია. მედშტაბი მის ფიზიკურ მდგომარეობას დააკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაზუსტდება დრო, თუ როდის შეძლებს სამეფო კლუბის მარჯვენა მცველი თავისი თანაგუნდელების დახმარებას.
რაც მთავარია, ფეხბურთელის ჯანმრთელობა საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა ისღა დარჩა გასარკვევი, გაუძლებს თუ არა იგი ფიზიკურ დატვირთვებს.