რეალი VS ნაპოლი - მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მადრიდის „რეალი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელია თავის საყვარელი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩის წინ, CrystalSport ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
„ნაპოლი“
სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონი დაკავებული თანამდებობიდან რუდი გარსია გაათავისუფლა და მის ნაცვლად გამოცდილი ვალტერ მაცარი დანიშნა, რომლის ხელმძღვანელობით „პარტენოპეიმ“ „ატალანტას“ 2:1 მოუგო. ერთი გოლი კი ხვიჩამ გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ 24 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.
დანაკლისი:
აღსანიშნავია, რომ ვალტერ მაცარის ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, რომელმაც „ატალანტასთან“ საგოლე გადაცემა შეასრულა. „ნაპოლის“ „რეალთან“ მატიას ოლივეირა, მარიო რუი და ლინდსტრომი არ ეყოლება.
„რეალი“
„სამეფო კლუბი“ შესანიშნავ ფორმაშია. ლა ლიგის გასულ ტურში „რეალმა“ სტუმრად „კადისი“ 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, ხოლო „ბარსელონას“ 4 ქულით გაასწრო. შეიძლება ითქვას, ანჩელოტის გუნდი „ნაპოლისთან“ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.
დანაკლისი:
ამ მხრივ მადრიდულ გრანდს სერიოზული პრობლემები აქვს. გუნდს ერთბაშად ვინისიუს ჯუნიორი, არდა გიულერი, ედუარდო კამავინგა, აურელინ ჩუამენი, ტიბო კურტუა და ედერ მილიტაო არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კეპა არისაბალაგას და ლუკა მოდრიჩის თამაში.
რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?
„ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. შანსი გვაქვს, ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულოთ და გვინდა, საუკეთესო მატჩი ჩავატაროთ. ჩვენი საკადრო პრობლემები? ჩემი აზრით, ამაზე საუბარი იმ ფეხბურთელთა უპატივცემულობაა, რომლებიც მოედანზე იქნებიან. საჭიროა იმაზე ვიფიქროთ, რაც გვაქვს და არა იმაზე, რაც გვაკლია. თუ ასეთი დანაკლისის ფონზე, მაინც მაღალ დონეზე ვითამაშებთ, ეს დაადასტურებს, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს.“
კარვახალი მატჩის წინ:
„ნაპოლი შესანიშნავი გუნდია და მთლიანად ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ ფოკუსირებული. ანჩელოტი? კარლომ გამაოცა. ის საკუთარი იდეების ხელახლა გამოგონებასა და მატჩების ანალიზს არ წყვეტს. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ის გუნდში იმდენ ხანს დარჩება, რამდენსაც მოისურვებს. რეალმა საერთოდ ვერაფერი რომ ვერ მოიგოს, ანჩელოტის კონტრაქტს მაინც ხვალვე გავუხანგრძლივებდი. როგორ ვხვდები ხვალინდელ მატჩს და როგორ ხვდება რეალი? სტატისტიკის კუთხით, პრობლემები არ მაქვს და თავდაჯერებული ვარ. ისეთი ბრწყინვალე მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშებ, როგორიც კვარაა და ვნახოთ, რა მოხდება“.
წინა მატჩი:
ამ გუნდების წინა დაპირისპირება საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ანგარიში ოსტიგორმა გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ბელინგემის და ვინისიუსის გოლებით „ბლანკოსი“ იგებდა. მეორე ნახევარში „ნაპოლიმ“ გაათანაბრა, თუმცა ფედე ვალვერდეს ყუმბარისებული დარტყმით „რეალმა“ თამაში 3:2 მოიგო.
ცნობისთვის, „რეალისა“ და „ნაპოლის“ მომავალი დაპირისპირება 29 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.