ბათუმის დინამო, წყალტუბოს სამგურალი, დავით მაისაშვილი, პაატა ღუდუშაური, ბექა დარცმელია, ნიკა კალანდარიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, იკპე-გილენ გნამია
Aa
Aa

გამარჯვება 95-ე წუთზე - სამგურალის საოცარი ქამბექი ბათუმის დინამოსთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალმა'' სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძეზე'' ბათუმის „დინამო'' 3:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი ორჯერ იგებდა და პირველი ტაიმი აჭარულმა გუნდმა 1:2 მოიგო, შესვენების შემდეგ „სამგურალის'' ფეხბურთელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მე-5 დამატებულ წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდეს, საოცარი მატჩი გამოვიდა.

ანგარიში პაატა ღუდუშაურმა 26-ე წამზე გახსნა, „სამგურალის'' ხორვატი მცველი ბარტულ მარკოვინა შეცდა და ღუდუშაურმა კარიდან გამოსულ მეკარეს, ლევან შოვნაძეს აჯობა.

25-ე წუთზე „სამგურალის'' კოტდივუარელმა შემტევმა იკპე-გილენ გნამიამ იაქტიურა, მამუკა კობახიძეს მეორე სართულზე ორთაბრძოლა მოუგო, შეტევა სწრაფად განავითარა, მისი კარგი პასის შემდეგ ვერულიძემ საჯარიმოში ხარაბაძე ჩამოიშორა და კვასხვაძეს ახლოდან გაუტანა.

32-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა კარგი პასით შეტევა მარჯვენა ფლანგზე განავითარა, ღუდუშაური საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:2.

47-ე წუთზე ბექა დარცმელიამ საჯარიმოში ბურთი დავით მაისაშვილის მისამართით ჩააწოდა, „სამგურალის'' მცველმა ახლო მანძილიდან შეაგდო - 2:2.

მე-4 დამატებულ წუთზე მათე ვაწაძის ბრწყინვალე პასის შემდეგ ცოტნე მოსიაშვილი საჯარიმოში უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა, ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა, კვასხვაძემ აუღო.

მე-5 დამატებულ წუთზე ლევან ხარაბაძემ მეტოქის ნახევარზე ცუდად ითამაშა, არაზუსტი გადაცემა შეასრულა,  „სამგურალის'' კონტრშეტევა შარბელ გომესმა განავითარა, გადაცემა თავისუფალ სივრცეში მყოფი კალანდარიშვილის მისამართით შეასრულა, რომელმაც მარცხენა ფეხით ლამაზი გოლი გაიტანა.

33 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო'' 70 ქულით  ჩემპიონატის ლიდერია, მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამო'' 6 ქულით ჩამორჩება, ქუთაისის „ტორპედოს'' აქტივში 55 ქულაა, „დილა'' 54 ქულით მე-4 ადგილზეა.

ფოტო: „სამგურალის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები