ურს ფიშერი
Aa
Aa

„კვარა და პოლიტანო ფლანგებზე სახიფათონი არიან“ - რა თქვა უნიონ ბერლინის თავკაცმა

„უნიონ ბერლინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ურს ფიშერმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი გუნდი ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება და ფიშერმა მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა.

„ალბათ კარგია, რომ ვითარების სწრაფად გამოსწორების შანსი მოგვეცა, თუმცა, რთული მეტოქე გვყავს და იტალიის მოქმედ ჩემპიონს ვხვდებით. ბოლო პერიოდში პოზიტიური შედეგები არ გვქონია, მაგრამ საჭიროა, თვითრწმენა და ოპტიმისტური განწყობა შევინარჩუნოთ. ნაპოლისთან სწორი დამოკიდებულება გვექნება, რაც ქულების აღებაში დაგვეხმარება.

არ ვფიქრობ, რომ ნაპოლის კრიზისი აქვს. ისინი ჩემპიონატის ლიდერს 5 ქულით ჩამორჩებიან და ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგეს. ვიქტორ ოსიმენი და ზამბო ანგისა ტრავმირებული არიან, მაგრამ ვიცი, რომ პარტენოპეის ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც ზეწოლასთან გამკლავება შეუძლია. ნაპოლი ყველგან საშიშია. გარემარბებმა, კვარაცხელიამ და პოლიტანომ იციან, სახიფათოები როგორ იყვნენ და მათ დიდ ყურადღებას მივაქცევთ, თუმცა ლობოტკაც არ გვავიწყდება, რომელიც ნაპოლის ნახევარდაცვის მეტრონომია.

გასულ სეზონში ბუნდესლიგაში საუკეთესო დაცვა გვყავდა და რა შეიცვალა? პასუხის გაცემა მარტივი არაა და ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კომპაქტურობაა, მაგრამ წაგებული ორთაბრძოლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. თამაშის სხვადასხვა ფაზაში კონკრეტულობა გვაკლია და საჭიროა, ერთი-ერთზე შექმნილი სიტუაციებისას სოლიდურობა და კომპაქტურობა ვიპოვოთ. ხვალ წინსვლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ“.

შეგახსენებთ, რომ „უნიონ ბერლინისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება ხვალ გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“
მილანის ლეგენდა: „კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“