ხვიჩა კვარაცხელია, ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

მესის თუ ხვიჩას გოლი? - ნონა გაფრინდაშვილმა კვარაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე'' ხვიჩა კვარაცხელიასა და ლეო მესიზე ისაუბრა. გაფრინდაშვილი ფეხბურთის დიდი ქომაგია, მისი საყვარელი მოთამაშეები ლეო მესი და ხვიჩა კვარაცხელია არიან.

წამყვანის კითხვა: მესის გოლი თუ ხვიჩას გოლი?

ნონა გაფინდაშვილის პასუხი: „ხვიჩას გოლი მაინც. ჩემიანია. ჩემთვის როგორც მესის, ასევე ხვიჩას გოლი ძვირფასია, მაგრამ ხვიჩამ რაც ერთ წელიწადში გააკეთა... მთელი ქვეყანა ფეხბურთისკენ შემოატრიალა და ხალხმა სტადიონზე ისევ დაიწყო სიარული და ამ ახალგაზრდამ პირველივე წელს მარადონას სტატისტიკურ მონაცემებს გადააჭარბა, სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე... მეტი რა გააკეთოს?

მესის დიდი გულშემატკივარი ვარ, ასე ვიქნები ბოლომდე, მაგრამ ხვიჩა ქართველია, ჩემიანია და ერთი სული მაქვს როდის დავინახავ ჩვენს ნაკრებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა ხვიჩა’’.

ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზეც ისაუბრა. მისი აზრით, ვილი სანიოლს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ერთა ლიგის გზით შეუძლია.

„ევროპის ჩემპიონატზე ამ ჯგუფიდან გასვლა შეუძლებელია, ამაზე თავიდანვე წესიერად უნდა გვეფიქრა, მაგრამ შემდეგი ეტაპი კიდევ არის, სადაც ასეთ ძლიერ ნაკრებებს არ შევხვდებით. მე მგონია, რომ გვაქვს შანსი (იგულისხმება ერთა ლიგის გზით ევროპის ჩეპიონატზე მოხვედრა). ყოველშემთხვევაში ჩვენ იმდენად ახალგაზრდული ნაკრები გვყავს, რომ ამ გუნდს, ჩემი აზრით, მომავალი აქვს’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები