ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ოცნება, რეალთან მატჩი, ნაკრები და ნაპოლი | კვარა AS-ის გარეკანზე და ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „რეალს“ დაუპირისპირდება და „სამეფო კლუბს“ საკუთარ კედლებში მიიღებს. ამ მატჩთან დაკავშირებით, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა „კვარასთან“ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და „პარტენოპეის“ მარცხენა გარემარბის ფოტო დღევანდელი ნომრის გარეკანზე გამოიტანა.

AS: „ხვიჩა, ქალაქის ყველა კუთხეში შენს სახეს ვხედავთ, ეს უკვე იცი ხომ?!“

კვარაცხელია: „კი... (იცინის). ყოველთვის, როცა სახლიდან გავდივარ, ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და უფრო მადლიერი უბრალოდ ვერ ვიქნები. მათ გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით. როცა გულშემატკივრებს ასე ჰყავხარ გულში ჩაკრული, საერთოდ სხვა ენერგია გიჩნდება. კიდევ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სულერთია, რომელ ქალაქში ჩავალთ და რომელ სტადიონზე ვითამაშებთ. ნეაპოლელებს ყველგან ვხედავთ. ისინი გვიღიმიან და მზად არიან, სიყვარული მოგვცენ. ჩვენი ქომაგები მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ“.

AS: „გასული სეზონი 14 გოლითა და 14 საგოლე გადაცემით დაასრულე"...

კვარაცხელია: „ეს სტატისტიკა დავაფიქსირე, რადგან საოცარი გუნდი, სამწვრთნელო შტაბი და სტაფი ვიპოვე. მხოლოდ მე რომ ვყოფილიყავი, იმავე შედეგს ვერ მივაღწევდი და ყველაფერმა იდეალურად იმუშავა“.

AS: „შენ ყოველთვის იქნები ერთ-ერთი გმირი პირველი სკუდეტოსი, რომელიც ნაპოლიმ მარადონას გარეშე მოიპოვა“.

კვარაცხელია: „ხალხი ჩემპიონობას თვეების განმავლობაში ზეიმობდა, მაგრამ პირადად მე, მხოლოდ აპრილში, იუვენტუსთან მოგებული მატჩის შემდეგ გავაანალიზე თუ რამდენად საოცარ რაღაცას მივაღწიეთ. შეხვედრის შემდეგ ნეაპოლში დავბრუნდით და ტიფოზებს გზები გადაკეტილი ჰქონდათ. საკუთარ თვალს ვერ ვუჯერებდი. ავტობუსის სახურავზე ავედით და წარმატება მათთან ერთად აღვნიშნეთ“.

AS: „კრუიფი ამბობდა, რომ ფეხბურთს ქუჩაში სწავლობენ. შენ ფეხბურთი ქუჩაში ისწავლე და როგორც ჩანს, ეს იდეა შენარჩუნებული გაქვს“.

კვარაცხელია: „ქართველი ფეხბურთელები ქუჩაში გავიზარდეთ. ერთნაირი სტილი გვაქვს, რომელიც ბრაზილიელების მსგავსად, შენობებს შორის ჩამოგვიყალიბდა. როცა გუნდებში ვარჯიში დავიწყე, დამოკიდებულება არ შემიცვლია. სახლში დაბრუნების შემდეგ, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქუჩაში ვთამაშობდი და ამით სიამოვნებას ვიღებდი“.

AS: „ქუჩიდან იტალიის ჩემპიონი და ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი გახდი“.

კვარაცხელია: „საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში დაბადებული ბიჭისთვის ეს წარმოუდგენელი რამაა. მახარებს, როცა გიფასდება და ჯილდოს იღებ შენს საყვარელ საქმეში სულისა და გულის ჩადებისა და მსხვერპლის გაღების გამო. როგორც ყველა ფეხბურთელი, ოქროს ბურთის მოგებაზე მეც ვოცნებობ“.

AS: „როგორ ფიქრობ, წლეულს ოქროს ბურთს ვინ მოიგებს?“

კვარაცხელია: „ლიონელ მესი“.

AS: „რომელია შენი ფავორიტი გოლი?“

კვარაცხელია: „ატალანტასთან გატანილი გოლი ძალიან კარგი იყო. ასევე, უდინეზესთან გატანილი ბოლო გოლიც კარგი გახლდათ“.

AS: „უდინეზესთან გოლით დაასრულე მშრალი სერია, რომელიც მარტში დაგეწყო“.

კვარაცხელია: „ფეხბურთელებმა ვიცით, რომ ზოგჯერ ვერ აკეთებ იმას, რასაც შენგან ითხოვენ. ასეთი მომენტებისთვის მზად უნდა იყო და შენი თამაშის გასაუმჯობესებლად უნდა იმუშაო. კრიტიკას ყურადღებას არ ვაქცევ და მხოლოდ ის მაინტერესებს, გუნდის დახმარება რით შემიძლია. სულერთი იქნება, გოლს გავიტან თუ ასისტს გავაკეთებ, თუმცა, რა თქმა უნდა, მონატრებული მქონდა შეგრძნება, რომელიც გოლის გატანის მომენტში გეუფლება“.

AS: „გოლებზე თუ ვსაუბრობთ, ესპანეთთან შეაგდე ბურთი, რომელმაც ალბათ, შენი კარიერა შეცვალა“.

კვარაცხელია: „19 წლის ვიყავი და ესპანეთის წინააღმდეგ გოლის გატანა, თანაც ისეთ სტადიონზე, როგორიც დინამო არენაა, ულამაზესი შეგრძნება გახლდათ. გამარჯვების შანსი გვქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. თუმცა, ამ გოლმა უფრო თავდაჯერებული გამხადა. მცირე რამ კარიერის შესაცვლელად საკმარისი არაა, მაგრამ თითოეული მცირე რამ შენ მიერ გასავლელ გზაზე წინგადადგმული ნაბიჯია“.

AS: „ბოლოს ფურია როხასთან 1:7 წააგეთ“.

კვარაცხელია: „ჩვენი დღე არ იყო და ფეხბურთში ეს ხდება ხოლმე. ვართ ნაკრები, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად ეთამაშოს და ამას აუცილებლად ვაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან დაპირისპირება არავის უხარია“.

AS: „შენი თანაგუნდელისა და ვალენსიას მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს თვალს ადევნებ?“

კვარაცხელია: „რა თქმა უნდა. გიორგი ჩემი ახლო მეგობარია. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და ნამდვილი პროფესიონალია. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლავთ“.

AS: „ახლა ისტორიულ საღამოზე გადავიდეთ: დიეგო არმანდო მარადონაზე რეალი ჩამოდის“.

კვარაცხელია: „ბავშვობაში, რეალის მატჩებს ტელევიზორით ვუყურებდი და მათი თამაშებით გავიზარდე, ახლა კი სამეფო კლუბი მოედანზე ჩემი მეტოქეა. შეუძლებელია, ასეთი საღამოს გამო, ბედნიერი არ იყო“.

AS: „შენს საფეხბურთო კერპებს შორის ორი ექს-მადრიდელია: გუტი და კრიშტიანუ რონალდუ“.

კვარაცხელია: „მათ თამაშს ვუყურებდი და ვცდილობდი, იგივე გამეკეთებინა, მათი ცრუმოძრაობები და დარტყმები გადმომეღო. ჩემი შთაგონების წყარო სწორედ ისინი არიან“.

AS: „გუტიმ საკუთარი მაისური გისახსოვრა“.

კვარაცხელია: „ძალიან მომწონდა თუ როგორ ეპყრობოდა გუტი ბურთს. მის თამაშს მთელი ბავშვობის განმავლობაში ვუყურებდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა, მომხდარიყო. მაისურთან ერთად, ერთმანეთს შეტყობინებები გავუგზავნეთ და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს პატარა „ხვიჩას“ ახდენილი ოცნება გახლდათ“.

AS: „საქართველოში რეალს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს...“

კვარაცხელია: „დიახ, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ნაპოლის უფრო მეტი უგულშემატკივრებს (იცინის)“.

AS: „მოწინააღმდეგე გუნდში ბრწყინვალე მარცხენა გარემარბი, ვინისიუსი თამაშობს“.

კვარაცხელია: „ვინი შესანიშნავი ფეხბურთელი და უზარმაზარი ტალანტია. ის საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოა. ვინისიუსისა და რეალის წინააღმდეგ თამაში უდიდესი გამოცდილება იქნება. მოდრიჩი, ბელინგემი, კროოსი... სამეფო კლუბის მთელი შემადგენლობის დასახელება შემიძლია. მადრიდელთა ფეხბურთელებს უდიდეს პატივს ვცემთ და ისინი ტოპ დონის მოთამაშეები არიან“.

AS: „როგორ ნაპოლის იხილავს რეალი?“

კვარაცხელია: „გუნდს, რომელიც ყველას პატივს სცემს, მაგრამ არავისი ეშინია. იტალიის ჩემპიონები ვართ, გამარჯვება გვინდა და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“.

AS: „მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე“.

კვარაცხელია: „პირველ რიგში, მინდა, ლუჩანო სპალეტის მადლობა გადავუხადო. მას ჩემი სჯეროდა და ჩემი პოტენციალი ააფეთქა. სიტყვებით ვერასდროს აღვწერ მადლიერებას, რომელიც მის მიმართ მაქვს. დროგამოშვებით ვლაპარაკობთ ხოლმე და ჩემს მხარდაჭერას განაგრძობს. რუდი გარსიას რაც შეეხება, ის შესანიშნავი მწვრთნელია. ნელ-ნელა ვუმატებთ და მის ტაქტიკასა და ხედვებს ვსწავლობთ. დარწმუნებული ვარ, მალე ნაპოლის საუკეთესო ვერსიას ვიხილავთ. ფეხბურთელები სიახლეებისთვის მზად ვართ და გვინდა, მწვრთნელის იდეებს გავყვეთ“.

AS: „შენ და ოსიმენი ერთმანეთს შესანიშნავად უგებთ“.

კვარაცხელია: „ვიქტორი განსაკუთრებული ბიჭია და ამას მოედანზეც ხედავთ. ის, როგორც მინდორზე, ისე მის მიღმა, ხელის გასაწოდებლად ყოველთვის მზადაა“.

AS: „ვინ არის მცველი, ვინც შენს ცხოვრებასა და თამაშს ყველაზე მეტად ართულებს“?

კვარაცხელია: „კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო“.

AS: „22 წლის ხარ, მაგრამ უკვე ბევრს მიაღწიე. რა მიზნები გაქვს სამომავლოდ?“

კვარაცხელია: „კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი და მინდა, ყველაფერი მოვიგო, რისი მოგებაც შესაძლებელია“.

AS: „ოცნება?“

კვარაცხელია: „ორი ოცნება მაქვს. ჩემპიონთა ლიგის მოგება და საქართველოს ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე თამაში“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რეალის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა მიიღო - საზონოვმა მოედანი ნაადრევად დატოვა
ტრავმა მიიღო - საზონოვმა მოედანი ნაადრევად დატოვა