ნაპოლი VS რეალი - მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „ნაპოლი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
„ნაპოლი“
რუდი გარსიას გუნდში დაძაბული სიტუაცია შედარებით დამშვიდდა. მთავარ მწვრთნელს, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან პრობლემები ჰქონდა. ამის მიზეზი, მათი მატჩებიდან ნაადრევად შეცვლა გახდა. უკანასკნელი ინფორმაციით, სიტუაცია შეიცვალა და ახლა მათ შედარებით უკეთესი ურთიერთობა აქვთ.
რაც შეეხება „ნაპოლის“, სერია ა-ში სიტუაცია გამოასწორა. 3 მოუგებელი მატჩის შემდეგ, „პარტენოპეიმ“ ზედიზედ ორი თამაში მოიგო. უკანასკნელ ტურში, სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი „ლეჩეს“ ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ ვიქტორ ოსიმენს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ამ მომენტისთვის, „ნაპოლი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 4 ქულით ჩამორჩება.
დანაკლისი:
რუდი გარსიას მადრიდის „რეალთან“ მატჩში მხოლოდ ორი ფეხბურთელი დააკლდება. ტრავმების გამო გოლინი და ჟუან ჟესუსი ვერ ითამაშებენ. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.
გარსია მატჩის წინ:
„ჩემპიონთა ლიგა, როგორც მწვრთნელისთვის, ისე ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული ტურნირია. როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გესმის, მნიშვნელოვანი ენერგიის მოზღვავებას გრძნობ და აანალიზებ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში ადგილობრივი ჩემპიონატი გეხმარება და ლეჩესთან კარგად ვითამაშეთ. ტოპ 4-ში შევედით და შეგვიძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის წინააღმდეგ გასამართი მატჩით ვისიამოვნოთ. რეალმა ბოლო 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო. ბოლოს ეს 2022 წელს გააკეთა და შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. სამეფო კლუბის რიგებში იმ ფინალის მონაწილე 10 ფეხბურთელი თამაშობს და რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ამბიცია გვაქვს, რომ მოსაგებად ვითამაშოთ.
როგორ ვაპირებთ ბელინგემის მსგავსი მოთამაშის შეჩერებას? რეალმა კარგი სამუშაო გასწია და ბენზემას წასვლის შემდეგ, ბელინგემის დონის ფეხბურთელი გაიფორმა. მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ უნდა ვიფიქროთ და ხოსელუს ტრანსფერიც კარგი გარიგება იყო. რეალი ძლიერი და სრულყოფილი გუნდია, მაგრამ ჩვენც ბევრი შანსი გვექნება. ყველა კომპონენტში ძლიერი ვართ და ყველა დონეზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. მოგების ამბიცია გვაქვს, თავმდაბლები ვიქნებით და შევეცდებით, ჩვენი ხარისხის 120 პროცენტი გამოვავლინოთ.
შეიცვალა რამე დამოკიდებულების მხრივ ჩემსა და გუნდს შორის? როცა პირველ ორ შეხვედრას იგებ, რთულია თქვა, რომ ცუდად დაიწყე. სერია A-ში ბურთს მეტოქეებზე მეტი დროის განმავლობაში ვაკონტროლებდით და კარშიც ხშირად ვურტყამდით. ალბათ, როცა მიზანს აღწევ, ყველაფერი მარტივდება და თავდაჯერება გიბრუნდება. მაგალითად შეგვიძლია, ხვიჩა კვარაცხელია ავიღოთ. გატანილი გოლის შემდეგ, ტვირთი მოეხსნა და მოედანზე ბედნიერია. ხვიჩა უნიკალური ფეხბურთელია და დრიბლინგით მეტოქის ჩამოშორება შეუძლია, მაგრამ მარტის შემდეგ, გოლი არ ჰქონდა გატანილი და ამაზე ფიქრის გამო, ფორსირებულად თამაშობდა. შეტევებს ახლა უკეთესად ვაგვირგვინებთ და უფრო ეფექტურები ვართ. სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოგვემატებინა და სტანდარტულების უკეთ შესრულებაც გვმართებდა.
რეალი შევისწავლეთ და ვიცით, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცენტრაცია ჩვენს თამაშზე გადავიტანოთ და ჩვენი ხარისხი გამოვავლინოთ. ხვალინდელ შეხვედრაში სწორედ ამის დემონსტრირებას ვეცდებით და მატჩს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე შევხვდებით. ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია არ დასჭირდებათ, რადგან ნაპოლი ბომბივით იქნება, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია".
„რეალი“
„სამეფო კლუბის“ შეტევის ხაზი კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ, შედარებით შესუსტდა, მაგრამ გუნდს ჯუდ ბელინგემი შეუერთდა, რომელმაც „რეალს“ რამდენიმე მატჩი პირადად მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსი“ ლა ლიგაში 21 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მადრიდული დერბის წაგების შემდეგ, ანჩელოტის შეგირდებმა ჯერ „ლას პალმაში“(2:0), ხოლო შემდეგ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი „ჟირონა“ 3:0 დაამარცხეს. გუნდს ტრავმირებული ვინისიუს ჯუინორი დაუბრუნდა.
დანაკლისი:
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის 14-გზის ჩემპიონს ვინისიუსი დაუბრუნდა, დანაკლისი მაინც არსებობს.
კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ტიბო კურტუა, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა და არდა გიულერი არ იქნებიან. ოთხივე ფეხბურთელს ტრავმა აქვს. კურტუა და მილიტაო კი გუნდს სეზონის დასასრულისკენ შეუერთდებიან.
ანჩელოტი მატჩის წინ:
„ჩვენ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. მათ ის სტრუქტურა შეინარჩუნეს, რაც გასულ წელს ჰქონდათ. ეს იქნება კონკურენტუნარიანი და თანაბარი მატჩი. ატმოსფეროს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ამ თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მოდრიჩზე ძალიან ბევრ კითხვას სვამთ. არ ვთვლი, რომ იგივე როლი არ აქვს, რაც შარშან ჰქონდა. გუნდში ბევრი ნახევარმცველია და მე ოთხს ვათამაშებ.
მასთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. არ ვიცი ხვალ იქნება თუ არა ძირითადში და ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ბელინგემი გუნდს ბრწყინვალედ მოერგო. ის ყველა იმ თვისებას აჩვენებს, რაც აქვს.
კვარაცხელია და ოსიმენი? ისინი შესანიშნავი თავდამსხმელები არიან. მოდით ვთქვათ, რომ ისინი წინა პლანზე ბოლო პერიოდში, გასულ წელს გამოვიდნენ. მათ აქვთ ხარისხი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშონ. განსხვავებულები მახასიათებლებით სოლიდური თავდამსხმელები არიან. ვფიქრობ, ისინი „რეალთან“ ძალიან კარგად ითამაშებენ, რადგან მაღალი ხარისხი და ნიჭი აქვთ. ხვიჩა ფეხბურთელთან ერთი-ერთზე ძალიან ეფექტურია. ოსიმენი ფიზიკურად ძლიერი, მობილური და სახიფათო თავდამსხმელია.“
ურთიერთშეხვედრები
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ და „რეალი“ ერთმანეთს ისტორიაში 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხივე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა. 3 გამარჯვება მადრიდელებზე მოდის, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
უკანასკნელად ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წელს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს. ორივე შეხვედრა იდენტური ანგარიშით 3:1 დასრულდა.(„რეალის“ სასარგებლოდ).
ცნობისთვის, „ნაპოლის“ და „რეალის“ მორიგი დაპირისპირება 3 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.