3 ქართველი რაკუვში - პასპორტის პრობლემა და ძალამიძის ახალი გამოწვევა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკა ძალამიძემ კარიერა დაასრულა, გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ ფეხბურთში ჩაერთო და გეგმავს, რომ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში მოხვედრაში დაეხმაროს. როგორც ძალამიძემ CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნა, აქცენტს ზუგდიდის „ბაიას'' აკადემიის ფეხბურთელებზე აკეთებს, სადაც ბევრი ნიჭიერი ბავშვი იზრდება.
ნიკა ძალამიძე: „1 წელია ტრავმის გამო კარიერა დავასრულე. დავისვენე და გადავწყვიტე კვლავ ჩავერთო ფეხბურთში.
მენეჯერის კარიერის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მამა, ოთარ ძალამიძე წლებია ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელად მუშაობს, ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ზუგდიდის „ბაიას’’ აკადემიაში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები მოდიან, თუმცა შემდეგ იკარგებიან, გზას ვერ პოულობენ. გადავწყვიტე ნიჭიერ ბავშვებს დავეხმარო, სწორ გზაზე დავაყენო, ჩემი კონტაქტები გამოვიყენო. სამაგრელოში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, გვსურს მათ კარიერას სწორი განვითარება მივცეთ, ამ მიმართულებით ვმუშაობთ.
აგვისტოში, სფფ-ის რუხის აკადემიიდან სამი ფეხბურთელი „რაკუვის’’ აკადემიაში ორი კვირით წავიყვანე. გიგა ბულია, გიორგი ჭეხანი და გიორგი ჯაბურია 17-წლამდე გუნდში ვარჯიშობდნენ, ადგილობრივებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა, არაევროკავშირელის პასპორტის გამო 18-წლამდე ფეხბურთელებს ევროპაში თამაშის უფლება არ აქვთ, მხოლოდ ვარჯიში და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა შეუძლიათ, ეს კი ჩვენ არ გვაწყობს, სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია. პოლონელები ცდილობენ, რომ რაიმე გამოსავალი იპოვონ, ბიუროკრატიული საკითხის გადაჭრაზე მუშაობენ, მათ პასუხს დეკემბერში ველოდებით.
„რაკუვში’’ გვითხრეს, ევროკავშირის პასპორტი რომ ჰქონდეთ, ახლავე ავიყვანდითო. იქ ისეთი აკადემია და ისეთი მიდგომებია, დარწმუნებული ვარ ძალიან განვითარდებიან.
სამწუხაროდ, პასპორტის პრობლემა ჩემი ფეხბურთელობის დროსაც იყო და ახლაც არის. ბიჭებს სფფ-ის რუხის აკადემიასთან კონტრაქტი დეკემბრამდე აკავშირებით. ამ პერიოდისთვის „რაკუვიდან’’ პასუხს ველით, შეძლებენ თუ არა პოლონელები ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარებას. „რაკუვის’’ წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან, რომ სამივე მოთამაშე ზამთარში დაიმატონ’’.
ძალამიძე ბულიაზე, ჭეხანსა და ჯაბურიაზე: „სამივე მათგანი 2008 წელსაა დაბადებული. ზუგდიდის „ბაიას’’ აღზრდილები არიან, ბოლო ორი წელია სფფ-ის რუხის ააკადემიაში ვარჯიშობენ. გიგა ბულია ფლანგის შემტევია, გიორგი ჭეხანი ცენტრალური მცველია. გიორგი ჯაბურია ცაციაა, თავდამსხმელის უკან, 10-იანზე თამაშობს.
ფოტოზე: ბულია, ჭეხანი, ჯაბურია
ფეხბურთი ძალიან უყვართ, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ბიჭები არიან, საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში თამაშობენ, მათში დიდ პოტენციალს ვხედავ. ვფიქრობ, თუ სწორ გზაზე დავაყენებთ, ფეხბურთში თავის სიტყვას იტყვიან. ასევე, მინდა აღვნიშნო რომ რუხის აკადემიაში მათი მწვრთნელი მამუკა ჭაჭუაა, ძალიან კარგი სპეციალისტი, ბიჭებს მისი ხელი ეტყობათ’’.
შეგახსენებთ, ნიკა ძალამიძე ზუგდიდის „ბაიაში'', მოსკოვის ცსკა-ს სარეზერვო გუნდში, ლოძის „ვიძევში'', ბიალისტოკის „იაგიელონიაში'', თურქეთის სუპერლიგის „რიზესფორში'', გურნიკ „ლენჩნაში'', ბუქარესტის „იუვენტუსში'', თბილისის „დინამოში'', კალინინგრადის „ბალტიკასა'' და „რუსთავში'' თამაშობდა.
კარიერის საუკეთესო წლები ექსტრაკლასაში, „იაგიელონიაში'' გაატარა (2012-15). საერთო ჯამში ექსტრაკლასაში 112 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო და 19 საგოლე პასი შეასრულა.
ნიკა ძალამიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა.