ხვიჩა კვარაცხელია, მარიო ბალოტელი, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

ეს ნიშნავს რომ გამარჯვების სურვილი ისევ აქვთ - ბალოტელი კვარასა და ოსიმენზე

მარიო ბალოტელიმ TvPlay-სთან ინტერვიუში „ნაპოლის'' შესახებ ისაუბრა. იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, გარსია კარგი პიროვნება და კარგი მწვრთნელია, მას ახალ კლუბში დრო სჭირდება.

„გარსია მიყვარს, დრო უნდა მისცენ. მასთან „მარსელში’’ ვმუშაობდი, ძალიან კარგი პიროვნება და კარგი მწვრთნელია. კარიერის განმავლობაში ბევრ მწვრთნელთან ვმუშაობდი, მაგრამ ის ნამდვილად ძალიან კარგია. გასულ წელს „ადანაში’’ ყოფნისას ამხანაგური მატჩი „ნაპოლისთან’’ ჩავატარეთ. მაშინ „ნაპოლის’’ ჩემპიონობას ვერ წარმოვიდგენდი, ნეაპოლელთა ჩემპიონობაზე ცენტსაც არ დავდებდი’’.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „ნაპოლიმ'' სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო, „ბოლონიასთან'' გასვლით შეხვედრაში 0:0 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მიუხედავად იმისა რომ ქართველი გარემარბი საუკეთესო ფორმაში არაა, თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რუდი გარსიამ ქართველი შემტევი კვლავ შეცვალა (76-ე წუთზე), თუმცა ამჯერად ქართველ გარემარბს უკმაყოფილება ღიად არ გამოუხატვს.

ვიქტორ ოსიმენს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა, Sofascore-მა 5,6 დაუწერა, რაც ძალიან დაბალი შეფასბაა. როცა გარსიამ ოსიმენი შეცვალა, ნიგერიელმა უკმაყოფილება გამოხატა, მისი ჟესტიდან გამომდინარე თამაშის 2 ფორვარდით გაგრძელება სურდა. მოგეხსენებათ, შეცვლის გამო გარსიას მიმართ უარყოფითი რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიასაც ჰქონდა („ჯენოასთან'' და „ბრაგასთან''), თუმცა „ბოლონიასთან'' შეხვედრაში კვარაცხელია მწვრთნელის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა.

ბალოტელი ხვიჩასა და ოსიმენზე:„შესაძლოა, ოსიმენი ფიქრობდა, რომ ორი ფორვარდით თამაში სჭირდებოდა და ეს მას გოლის გატანაში დაეხმარებოდა. შესაძლოა, ეს მიზეზი სანახევროდ ტყუილია, მაგრამ როგორც ფორვარდის, მისი მესმის, შეცვლამ შესაძლოა ძალიან გაგაბრაზოს. მეც შევწუხდებოდი, თუ კვარაცხელიასა და ოსიმენს შეცვლიდნენ და მშვიდად გავიდოდნენ მოედნიდან. თუ გაბრაზდნენ, ნიშნავს რომ თამაშისა და გამარჯვების სურვილი ისევ აქვთ’’.

ხუთ ტურში „ნაპოლის'' აქტივში მხოლოდ 8 ქულაა, ამ მომენტისთვის მე-7 ადგილზეა. მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი'' ლიდერ „ინტერს'' 7 ქულით ჩამორჩება, მილანურმა კლუბმა საწყის ხუთ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. მე-6 ტურში „ნაპოლი'' „უდინეზეს'' მიიღებს (27 სექტემბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები