„მიქაუტაძე ცივსისხლიანი მკვლელია, თავდაჯერებით ზლატანს მაგონებს“
გიორგი მიქაუტაძის „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ, ნიდერლანდურ პრესაში ქართველ ფორვარდზე სულ უფრო მეტი იწერება.
ამსტერდამული კლუბის მხარდამჭერმა ვებ გვერდმა Ajax Showtime-მა გადაწყვიტა, რომ თავის მკითხველს მიქაუტაძის შესახებ ბელგიური Eleven Sports-ის კომენტატორების მოსაზრებები გაეცნო, რომლებიც ქართველს ბელგიური „სერენიდან“ კარგად იცნობენ.
იურენ როპე:
„ის ნამდვილი მკვლელი და გოლების მანქანაა. სუპერეფექტურია და მცირე შანსსაც იყენებს. ერთადერთი რაც მას შეიძლება დააბრალო არის ის, რომ იგი ცოტათი ზედმეტად ეგოისტია. მაგრამ, როცა მის გოლებს უყურებ, ძნელია მიქაუტაძე დაადანაშაულო.
ის ყველაზე ეფექტური ცენტრფორვარდის პოზიციაზეა, სადაც დარტყმას და გატანას ყოველთვის ახერხებდა.
როცა მიქაუტაძე სერენში გამოჩნდა, გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასვლის კანდიდატი საერთოდ არ იყო, თუმცა მისი დამსახურებით მიზანს მიაღწიეს და ადგილის შენარჩუნებაც გიორგის წყალობით მოხდა. როცა მან გუნდი დატოვა, სერენი ბანქოს სახლივით ჩამოიშალა და ქვედა ლიგაშიც გავარდა.
ქართველი მუდამ თავდაჯერებულია და ის ამ ჩვევით ზლატან იბრაჰიმოვიჩს მაგონებს“.
დეივ პიტერსი:
„ის ცივსისხლიანი შემსრულებელია. მიქაუტაძე ისე უბრალოდ არასდროს ურტყამს და როცა ამას აკეთებს, მხოლოდ მათემატიკური სიზუსტით. ის ბურთზე ზუსტად ისე ზემოქმედებს, როგორც ტვინი უკარნახებს, ეს კი ყველას არ შეუძლია. მას კარში დასარტყმელად სივრცე არ სჭირდება, ის ყველაფრით ურტყამს. ამ ბიჭის ნამდვილი ფანი ვარ და ვთვლი, რომ ის წარმოუდგენელი მოთამაშეა.
ის კლასიკური ცხრიანია, რომელსაც გოლის გასატანად ბევრი არაფერი სჭირდება. ტექნიკური და სწრაფია, ფლანგებზე თამაშიც შეუძლია, თუმცა ვთვლი, რომ მისი ადგილი საჯარიმოშია.
დიახ აიაქსში გაცილებით მაღალი დონე და მაღალი ტემპია, თუმცა ამ მხრივ მასზე საერთოდ არ ვღელავ, რადგან ვიცი რომ მიქაუტაძე ამას თავს მარტივად გაართმევს“.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „აიაქსთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „აიაქსი“ „მეცს“ 16 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა შესაძლოა, ბონუსების ჩათვლით თანხა 19 მილიონამდე გაიზარდოს.