გოგა ბითაძე
Aa
Aa

506 ქულა, 300 მოხსნა დაცვაში და 100 დაფარება - გოგა ბითაძის სეზონი ციფრებში

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ინდივიდუალური თვალსაზრისით გოგა ბითაძისთვის გასული სეზონი კარიერაში საუკეთესო გამოდგა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გათამაშება „ორლანდოს“ სათადარიგო მოთამაშის სტატუსით დაიწყო, თუმცა როდესაც შეიქმნა საკადრო პრობლემები და ჯამალ მოსლიმ ნდობა გამოუცხადა, მთავარ მწვრთნელს გაცემული ავანსები ასი პროცენტით გაუმართლა და „მეჯიქის“ ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მო ვაგნერის დაშავების გამო, ბითაძეს სოლიდური სათამაშო წუთები მიეცა, „ორლანდომ“ მოგებათა სერია გამოაცხო, ხოლო მაშინ, როდესაც მოსლიმ გოგას რეზერვისტის როლი დაუბრუნა, ფლორიდულ კლუბს იმდენად გაუჭირდა, რომ პლეი ოფში პლეი ინის გავლითაც ძლივს მოხვდა.

არ ვაკნინებთ პაულო ბანკეროს ბრწყინვალე ასპარეზობას და ნამდვილად არ გვსურს იმის თქმა, რომ პარკეტზე ყოფნის პერიოდში ბითაძე მასზე შედეგიანი გახლდათ, მაგრამ ფაქტია - როდესაც ქართველი ცენტრი და ჯეილენ საგსი იყვნენ მოწინავე პოზიციებზე, „ორლანდოც“ სულ სხვა ფორმაში იყო და გუნდი NBA-ს ფავორიტებსაც იოლად არაფერს უთმობდა. მოსლის გადაწყვეტილებიდანაც კარგად ჩანს, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, სასტარტო ხუთეულების არჩევის დროს, კონკრეტული კალათბურთელის კონდიციების გარდა, მწვრთნელები და კლუბის შეფები სხვა, არასპორტული ფაქტორებითაც ხელმძღვანელობენ, რის გამოც ბითაძისნაირი ფენომენალური შესაძლებლობების მქონე მოთამაშეები ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ იჩაგრებიან.

ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში და იანვრის დასაწყისში გოგა უბრალოდ შეუდარებელი იყო და ასე გაგრძელდებოდა ალბათ სეზონის ბოლომდეც, რომ არა ფატალური უიღბლობა -  მას არ გაუმართლა იმაში, რომ ზუსტად ამ დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწია. გამოჯანმრთელებულ ქართველ ცენტრს მწვრთნელმა სათამაშო წუთები ეტაპობრივად გაუზარდა და რა თქმა უნდა, თებერვალ-მარტის პერიოდში იყო მატჩები, როდესაც გოგა პარკეტზე 17 წუთს ატარებდა და ხშირ შემთხვევაში 2 ქულაზე მეტს ვერ აგროვებდა, თუმცა ამაში დამნაშავე იმდენად თავად არ იყო, რამდენადაც გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრები, რომელთაც ისეთი კომბინაციები ჰქონდათ დახაზული, რომ ხშირად სასროლ პოზიციაზე დარჩენილი ბითაძეც კი ამის გაკეთებისგან თავს იკავებდა და ძირითადად, პარტნიორებისთვის სივრცეების განთავისუფლებით იყო დაკავებული.

რა მივიღეთ და რა მიიღო გოგამ ამ სეზონისგან საბოლოო ჯამში? 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა რეგულარული ეტაპისა და პლეი ოფის ჩათვლით, „ორლანდოს“ მიერ გამართული 88 მატჩიდან 74-ში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში პარკეტზე გატარებულ 1451 წუთში 506 ქულა, 467 მოხსნა, 139 შედეგიანი გადაცემა, 100 დაფარება და 48 ჩაჭრა დააგროვა. ბითაძემ მინიმუმ 10 ქულა 74-დან 24 შეხვედრაში დააგროვა. ორმაგი დუბლი კი 15 შეხვედრაში შეასრულა - მინიმუმ 10 ქულისა და 10 მოხსნის ავტორი ის 7 და 11 ნოემბერს „ინდიანასთან“ (29 წუთში 10 ქულა და 12 მოხსნა და 27 წუთში 12 ქულა და 12 მოხსნა), 11 ნოემბერს „ვაშინგტონთან“ (21 წუთში 10 ქულა და 12 მოხსნა), 19 ნოემბერს და 9 დეკემბერს „ფინიქსთან“ (31 წუთში 17 ქულა და 10 მოხსნა და 30 წუთში 21 ქულა და 16 მოხსნა), 28 ნოემბერს „ჩიკაგოსთან“ (25 წუთში 11 ქულა და 11 მოხსნა), 2 და 30 დეკემბერს „ბრუკლინთან“ (31 წუთში 12 ქულა და 13 მოხსნა და 33 წუთში 19 ქულა და 11 მოხსნა), 11 დეკემბერს „მილუოკისთან“ (38 წუთში 12 ქულა და 14 მოხსნა), 20 დეკემბერს „ოკლაჰომასთან“ (27 წუთში 15 ქულა და 10 მოხსნა), 22 და 27 დეკემბერს „მაიამისთან“ (31 წუთში 18 ქულა და 13 მოხსნა და 32 წუთში 10 ქულა და 14 მოხსნა), 28 დეკემბერს „ნიუ-იორკ ნიქსთან“ (30 წუთში 14 ქულა და 11 მოხსნა), 4 იანვარს „ტორონტოსთან“ (30 წუთში 11 ქულა და 13 მოხსნა) და 30 მარტს „საკრამენტოსთან“ (17 წუთში 12 ქულა და 10 მოხსნა) მატჩებში გახდა.

როგორც ქულების (21), ასევე მოხსნების (16) რაოდენობით, გოგასთვის გასულ სეზონში საუკეთესო 9 დეკემბერს, „ფინიქსთან“ (115:110) მოგებული შეხვედრა გახლდათ. შედეგიანი პასების (5) მხრივ 4 იანვარს „ტორონტოსთან“ (107:96) გამოირჩა, რომ ხოლო ჩაჭრებით (3) განსაკუთრებით შედეგიანი თამაშები 2 დეკემბერს „ბრუკლინთან“ (100:92), 27 დეკემბერს „მაიამისთან“ (88:89) და 22 მარტს „ვაშინგტონთან“ (120:105) ჩაატარა. გასულ სეზონში ბითაძემ 204 ორქულიანი (408 ქულა), 86 საჯარიმო და 4 სამქულიანი (12 ქულა) ჩააგდო, 467 მოხსნიდან კი 300 - დაცვაში, ხოლო 167 თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა. გასულ სეზონში ჩატარებული 74 მატჩიდან ქართველი ცენტრი მოხსნების რაოდენობით თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო 24 შეხვედრაში იყო. მან ამ მხრივ ყველა თანაგუნდელს 5 ნოემბერს „ოკლაჰომასთან“ (9 მოხსნა), 9 ნოემბერს „ნიუ-ორლეანთან“ (9 მოხსნა), 7 და 14 ნოემბერს „ინდიანასთან“ (ორივე შემთხვევაში 12 მოხსნა), 11 ნოემბერსა და 24 თებერვალს „ვაშინგტონთან“ (12 და 9 მოხსნა), 19 ნოემბერსა და 9 დეკემბერს „ფინიქსთან“ (10 და 16 მოხსნა), 22 ნოემბერს „ლეიკერსთან“ (15 მოხსნა), 28 ნოემბერს „ჩიკაგოსთან“ (11 მოხსნა), 2 და 30 დეკემბერს „ბრუკლინთან“ (13 და 11 მოხსნა), 11 დეკემბერს „მილუოკისთან“ (14 მოხსნა), 16 და 28 დეკემბერს „ნიუ-იორკ ნიქსთან“ (ორივე შემთხვევაში 11 მოხსნა), 22 დეკემბერს, 27 დეკემბერსა და 28 იანვარს „მაიამისთან“ (13, 14 და 9 მოხსნა), 24 დეკემბერს „ბოსტონთან“ (9 მოხსნა), 4 იანვარს „ტორონტოსთან“ (13 მოხსნა), 6 იანვარსა და 2 თებერვალს „იუტასთან“ (11 და 8 მოხსნა), 4 თებერვალს „გოლდენ სტეიტთან“ (14 მოხსნა) და 30 მარტს „საკრამენტოსთან“ (10 მოხსნა) აჯობა.

რამდენიმე თვეში საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე იასპარეზებს, სადაც გუნდის წამყვანი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი იქნება და თუ ისე გაიბრწყინებს, როგორც ქართველ გულშემატკივარს გვსურს, ეს NBA-ში მის კარიერულ წინსვლაზეც უთუოდ აისახება და ნდობის ის ლიმიტი, რომელიც გასულ სეზონში დაიმსახურა, აუცილებლად გაორმაგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის რეკორდი | ქართველმა ესპანეთში ისტორია დაწერა
შერმადინის რეკორდი | ქართველმა ესპანეთში ისტორია დაწერა