„არ ვიცი დავრჩები თუ წავალ“ - რობაქიძე ჩერნომორეცზე და სამომავლო გეგმებზე
2025 წლის მარტში ქართული საფეხბურთო რეალობისთვის იშვიათი ამბავი მოხდა და ჩვენი ქვეყნის მესამე დივიზიონიდან ფეხბურთელი პირდაპირ უკრაინის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. საუბარია „ვიტ ჯორჯიას“ 19 წლის საყრდენ ნახევარმცველზე გიორგი რობაქიძეზე, რომლის აყვანაც „ჩერნომორეცმა“ გადაწყვიტა და ახალგაზრდა შუა ხაზელს ცუდად ნამდვილად არ უთამაშია, თუმცა გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში სამწუხაროდ ვერ დაეხმარა და ოდესელები ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ.
გიორგისთვის განსაკუთრებით წარმატებული გასულ კვირას, კიევის „დინამოსთან“ (1:1) ჩატარებული საშინაო მატჩი იყო, როდესაც ცვლილებაზე შესვლიდან 4 წუთში საგოლე პასი შეასრულა და ასისტენტობა ოლექსი ხობლენკოს გაუწია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, კლუბის ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა.
რას ამბობს რობაქიძე
ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება „ჩერნომორეცის“ გულშემატკივრებმა დატოვეს, რომლებიც მოსვლის დღიდან გვერდში დამიდგნენ, რაც ადაპტაციის გავლაში დამეხმარა. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, მაქსიმალურად შევეცადე გუნდს დასახული ამოცანების გადაჭრაში დავხმარებოდი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
რაც თავი მახსოვს სულ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ფლანგის მცველადაც შემიძლია ასპარეზობა. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით, დავრჩები თუ წავალ“.
2005 წელს დაბადებული გიორგი რობაქიძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, უკანასკნელ წლებში კი ჯერ ფოთის „კოლხეთის“, ხოლო შემდეგ „ვიტ ჯორჯიას“ ღირსებას იცავდა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მან 11 მატჩის ჩატარება მოასწრო.