ილიას ზუროსი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ოფიციალურად | ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის

ილიას ზუროსი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენ სპეციალისტს კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამოეწურა და მხარეები ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებენ.

რა წერია განცხადებაში:

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებასთან ერთად საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი ამოიწურა, რითაც ჩვენს ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის ერა დასრულდა.  ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს მის ყველაზე მაღალ საფეხურზე ემშვიდობება, რომელზეც მისი დიდი დამსახურებით ავიდა და პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით პლანეტის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ილიას ზუროსზე დიდხანს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მოუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე "ბ"-დან "ა" დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ ზედიზედ 4-ჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა.

ზუროსმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი იგორ კოკოშკოვისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ 7 წელი ხელმძღვანელობდა ჩვენს გუნდს და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომავალი ევროპის ჩემპიონი, სლოვენიის ნაკრები ჩაიბარა.  ილიას ზუროსმა სადებიუტო სეზონშივე დაატყო ჩვენს ნაკრებს ხელი, რომელიც 2017 წლის ევრობასკეტზე იმ საკვალიფიკაციო ჯგუფიდან ვადაზე ადრე გაიყვანა, რომელშიც მეტოქედ მონტენეგრო ჰყავდა. ქართველებმა მონტენეგროს გადამწყვეტი და დრამატული მატჩი სტუმრად მოუგეს.

ვიქტორ სანიკიძე პირადად და კალათბურთის ფედერაციის სახელით უღრმეს მადლობას ეუბნება ილიას ზუროსს იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ბერძენმა სპეციალისტმა ჩვენს ეროვნულ გუნდში 7 წლის მუშაობის მანძილზე გასწია.

ემოცია და სიხარული, რომელიც ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მოუტანა ქართველ გულშემატკივარს, შეუფასებელია და კიდევ დიდ ხანს გაჰყვება კალათბურთისა და სპორტის მოყვარულებს.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. ბერძენ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ჩვენმა გუნდმა სამ ევრობასკეტზე ითამაშა (2017, 2019 და 2022 წლებში), 2023 წელს კი სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომავალ თაობებს ხმამაღალი სათქმელი დავუტოვეთ!“ - თორნიკე შენგელია
„მომავალ თაობებს ხმამაღალი სათქმელი დავუტოვეთ!“ - თორნიკე შენგელია