უკმაყოფილების მორიგი ტალღა - რონალდუს ხელფასის გაზრდა სურს და წასვლით იმუქრება
Aa
Aa

უკმაყოფილების მორიგი ტალღა - რონალდუს ხელფასის გაზრდა სურს და წასვლით იმუქრება

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, ევროპული პრესა აქტიურად წერდა, რომ კრიშტიანო რონალდუ "რეალში" თავისი ყოფით უკმაყოფილოა და მადრიდის დატოვება სურდა.

მოგვიანებით, ჟურნალისტებმა პორტუგალიელის უკმაყოფილება მის სასამართლო პროცესებს მიაწერეს. როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანოს პროკურატურა გადასახადების დამალვას ედავება და ჯარიმის სახით 14.7 მილიონი ევროს გადახდას სთხოვს.

საბოლოოდ, რონალდუმ სეზონი "ბლანკოსში" დაიწყო და სტარტი საკმაოდ ცუდი გამოუვიდა. "ელ კლასიკოში" მსაჯისთვის ხელის კვრა, მას 5 მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა, რომლის მოხდის შემდეგაც ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი, ჯერჯერობით ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს. ლა ლიგაში მის ანგარიშზე ნული გოლია.

კრიშტიანომ რამდენიმე დღის წინ, ევროპული მედიის ყურადღება კვლავ მიიპყრო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რონალდუ "რეალის" ბოსებს ხელფასის გაზრდას სთხოვს. მოთხოვნის კონკრეტული დეტალები არ ვრცელდება.

დღეს კი, რონალდუს ულტიმატუმზე სამეფო კლუბის პოზიცია გასაჯაროვდა. მადრიდელები არ აპირებენ, რომ პორტუგალიელის კონტრაქტს გადახედონ და მას გაუმჯობესებული პირობები შესთავაზონ.

თავის მხრივ, უკან დახევას ფეხბურთელიც არ აპირებს და გუნდიდან წასვლით იმუქრება. რა მოხდება საბოლოდ, ამის განჭვრეტა ძნელია, თუმცა ფლორენტინო პერესს, რომ ზაფხულისთვის დიდი გეგმები აქვს, ამას დანამდვილებით გეტყვით.

კრიშტიანოს ნაბიჯმა ქომაგების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია. "რონიმ" უკვე მეორედ მიმართა ასეთ ხერხს, რაც როგორც ჩანს, მადრიდულ ინჩადას არ ესიამოვნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები