ხვიჩა სერია ა-ს პირველ ტურს გამოტოვებს - გარსიამ ქართველზე ისაუბრა
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას სერია ა-ს პირველ ტურს „ფროზინონეს“ წინააღმდეგ გამოტოვებს. მიზეზად კუნთების გადაღლილობა სახელდება.
„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ხვიჩას „ნაპოლის“ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა სრულად არ მიუღია, ვარჯიშის ნაწილი გუნდთან ერთად ჩაატარა, შემდეგ კი ინდივიდუალურად ივარჯიშა.
ამ თემაზე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ იტალიურ მედიასთან ისაუბრა: „სიფრთხილე გამოვიჩინეთ, მან დაზიანება ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, ბოლო შეხვედრაში 70 წუთი ითამაშა. MRI-მ აჩვენა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, დისკომფორტს გრძნობს. ის „ფროზინონესთან“ მატჩის შემდეგ ორშაბათს ან სამშაბათს დაბრუნდება, როცა საწვრთნელ პროცესს განვაახლებთ“.
სერია A-ს ახალი სეზონის პირველი ტური ქართული დაპირისპირებით უნდა გახსნილიყო, თუმცა აღნიშნულიდან გამომდინარე, ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ გიორგი კვერნაძეს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, 19 აგვისტოს, სერია ა-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით, 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.