იბერია წყალტუბოში დამარცხდა - ჩემპიონის მეორე წაგება ბოლო სამ ტურში
Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-15 ტურის მთავარი სენსაცია წყალტუბოში „26 მაისის“ სტადიონზე დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ 3:2 დაამარცხა. აშკარაა გუგა ნერგაძის მომზადებულ კლუბს ბოლო პერიოდში ქულების დაგროვება უჭირს და უკანასკნელ სამ ტურში მეორედ წააგო.
ანგარიში მატჩის მიმდინარეობას არ ასახავს - 90-ე წუთისთვის წყალტუბოელები ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს სამბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ, რაშიც უდიდესი წვლილი კლაუდიო სებოლინიას მიუძღვოდა. მან ჯერ თორნიკე მეგრელიშვილთან ბრძოლაში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გოლად კლაუდინიომ აქცია, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელს საგოლე პასი მიაწოდა. სებოლინია ამით არ დაკმაყოფილდა და შესვენების შემდეგ თავადაც გაიტანა. რაც შეეხება სტუმრებს, მათმა კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ კომპენსირებულ დროში ჯერ პენალტიდან გაიტანა, ხოლო შემდეგ ულამაზესი დარტყმით მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა მეტის გასაკეთებლად „იბერიას“ დრო აღარ ეყო. პირველი ტაიმის ბოლოს იყო მცირე ინციდენტი, რომელშიც პაატა ღუდუშაური მონაწილეობდა, თუმცა ყველაფერი მშვიდადა დასრულდა.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მომდევნო ტურში „იბერია“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლებს, ხოლო „სამგურალი“ სტუმრად გორის „დილას“ შეხვდება.