ირანის ნაკრები აშშ-ში არ დაბანაკდება - თამაშებზე მექსიკიდან იფრენენ
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ირანის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს აშშ-ში გამართავს, ამ ქვეყანაში დაბანაკებაზე უარი თქვა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა დაადასტურა.
მისი განცხადებით, არიზონას შტატის ნაცვლად ირანის ნაკრები მექსიკის ქალაქ ტიხუანაში დაიდებს ბანაკს. შეინბაუმის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანული დელეგაციის ქვეყანაში შესვლა მიზანშეწონილი არაა, რის შემდეგაც ფიფას მაღალჩინოსნებმა მექსიკას შექმნილ ვითარებაში დახმარება სთხოვეს.
ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰდი თაჯმა განაცხადა, რომ მექსიკაში დისლოცირების გადაწყვეტილების მიზანი პოლიტიკური შეზღუდვების თავიდან აცილება იყო. მისი თქმით, მექსიკაში ჩასვლას ირანელი ფეხბურთელები სავიზო პრობლემების გარეშე შეძლებენ.
ირანის ნაკრები ახალ ზელანდიასა (15 ივნისი) და ბელგიას (21 ივნისი) კალიფორნიის ქალაქ ინგლვუდში, ხოლო ეგვიპტეს (26 ივნისი) - ვაშინგტონის ქალაქ სიეტლში დაუპირისპირდება. ტიხუანადან ინგლვუდამდე 205 კილომეტრია, ხოლო სიეტლამდე - 1700 კილომეტრი.