„მისი გვჯერა“ - ფროზინონეს პირველი პირი კვერნაძეზე და გუნდის მიზნებზე
„ფროზინონეს“ პრეზიდენტმა, მაურიციო სტირპემ Radio Punto Nuovo-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. სტირპემ 2023/24 წლების სეზონში, „ფროზინონეს“ მიზანი დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი კვერნაძის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„კვერნაძე კვარაცხელიას მსგავსად? ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე მოხდება (იცინის). ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების პოვნა აუცილებელია. გიორგის გადაყვანა ჯუნტოლისაც უნდოდა? ნაპოლის მისი გაფორმება რომ ნდომოდა, უკვე გაიფორმებდა. აშკარაა, რომ პარტენოპეი დაყოვნდა, ჩვენ კი, ამ ბიჭთან მიმართებით, ვისიც ძალიან მჯერა, მომენტი კარგად შევარჩიეთ.
რა არის ჩვენი მიზანი სერია A-ში? უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება, შემდეგ კი ვნახოთ, მომდევნო წლების განმავლობაში რა მოხდება. ფინანსური ლიმიტები გვაქვს და ახალგაზრდული სექტორი უნდა განვავითაროთ. იმედია, ღირსეულ სეზონებს ჩავატარებთ და სერია A-ში ადგილს შევინარჩუნებთ. ჩვენთვის მთავარი არა შედეგი, არამედ ის გზაა, რომლითაც შედეგს ვაღწევთ“.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი ქართული დაპირისპირებით გაიხსნება. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ საწყის ტურში „ფროზინონეს“ შეხვდება და მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.