„ბევრი რამაა, რასაც ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენებ“ - ვოლკი ილიასთან ჩხუბზე თანახმაა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი MMA-ის ლეგენდარული მებრძოლის, მაიკლ ბისპინგის პოდკასტის სტუმარი იყო. „ვოლკმა“ ბევრ თემაზე ისაუბრა და შეკითხვა ილია თოფურიას შესახებაც დაუსვეს, რომელიც ბისპინგის თქმით, ბოლო ბრძოლაში სენსაციურად გამოიყურებოდა.
„თოფურიათი ყველა აღფრთოვანებულია და ჩემი და მისი ბრძოლის ხილვა ყველას უნდა. ილიას ლაპარაკიც უყვარს, რაც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ამაღელვებელი ჩხუბი იქნება. ის ნამდვილად არის მებრძოლი, რომელთან ჩხუბის თაობაზე, UFC-ისგან წინადადება რომ მივიღო, ვიტყვი: „მშვენიერია, არანაირი პრობლემა არაა“.
მისით ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პირადად მე, სხვა აზრზე ვარ. ამბობენ, რომ ილია ძალიან კარგი მებრძოლია, მაგრამ მის ჩხუბში ბევრ ხვრელს ვხედავ... ბევრ რაღაცას ვხედავ, რაც შემიძლია, ჩემ სასარგებლოდ გამოვიყენო. ასე რომ, მის წინააღმდეგ ოქტაგონზე სიამოვნებით გავალ. თუ UFC-ს, ილიასა და გულშემატკივრებს ამ ბრძოლის გამართვა სურთ და ჰგონიათ, რომ მას გამარჯვების მშვენიერი შანსი აქვს, ძალიან კარგი. პრობლემა არ მაქვს და გაჩვენებთ, რომ ასე არაა“.
შეგახსენებთ, რომ ემეტთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ სატიტულო ჩხუბი მოითხოვა. ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება სურს და ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც საჩემპიონო ბრძოლაზე უარს იტყვის, მაქს ჰოლოუეია. „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მე-5 ნომერია და მის ანგარიშზე 14 გამარჯვება და 0 მარცხია.