რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

„გამარჯვების და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენ სიყვარულს“

საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი Facebook-ში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის კომენტარს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი გუნდის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც განვლილი დღეების მანძილზე მხარი დაგვიჭირა, იქნებოდა ეს სტადიონზე, თუ მის ფარგლებს გარეთ. გამარჯვების და მარცხის შემდეგ ერთნაირად ვგრძნობდით თქვენ სიყვარულს - ვთვლით, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი შედეგიც ალბათ ეს არის.

მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ ასეთი დონის საფეხბურთო ფორუმზე ჩვენი თავის, ჩვენი თამაშის და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის შესაძლებლობა მოგვცა. მადლობა გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებს და მთლიანად პერსონალს, რომელთა დაუღალავი შრომის გარეშეც აქამდე ვერ მოვიდოდით.

და ბოლოს, ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ამ თაობის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ. ამ ბიჭებს ყველაფერი წინ აქვთ, მათთვის ყველაფერი ახლა იწყება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარი თვითრწმენით და ნებისმიერი კონტექსტისა თუ წინაღობის მიუხედავად, ფეხბურთის საოცრად თამაშის უნარით, ისინი კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ!”.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და 1/4-ფინალში გავიდა. ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია დაამარცხა (2:0), ბელგიასთან (2:2) და ნიდერლანდებთან (1:1) ფრედ ითამაშა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი „სიკვდილის ჯგუფში“ პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა 1/4-ფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა და საბოლოოდ ოლიმპიადის მიღმა დარჩა.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები