ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„ნამდვილი მეომარი მოედანზე“ - The Athletic-ი მექვაბიშვილის თამაშს გამოეხმაურა

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ, The Athletic-მა საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დაწერა. The Athletic-ი ტურნირს თვალს აქტიურად ადევნებს და პირველი ტურის შემდეგ, საინტერესო და მაღალ დონეზე მოასპარეზე ფეხბურთელები დაასახელა. გამოცემამ აქცენტი იმ მოთამაშეებზე გააკეთა, რომლებსაც ვარსკვლავური სტატუსი ჯერ არ აქვთ და The Athletic-ის მიერ ტურნირის დაწყებამდე გამოქვეყნებულ სიაში, თუ თვალი ვის უნდა ვადევნოთ, ვერ მოხვდნენ.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ის ფაქტია, რომ რჩეულთა შორის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი მოხვდა. აი, რას წერს ბრიტანული გამოცემა „დინამო თბილისის“ ფეხბურთელზე:

„საქართველომ ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შოკი შემოგვთავაზა და თბილისში, აშკარა ფავორიტად შერაცხილი პორტუგალია, 2:0 დაამარცხა. ქართველებს ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ, მაგრამ 2 ზუსტი დარტყმიდან ორივე გამოიყენეს, შემდეგ კი დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ.

მათ მტკიცე გუნდური თამაში აჩვენეს, რომელსაც ახალი ვარსკვლავი არ გამოუვლენია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ახალი ხვიჩა კვარაცხელია არ გამოჩენილა, მაგრამ რამაზ სვანაძის გუნდმა წარმატებას კარგად ორგანიზებულობისა და შემართების წყალობით მიაღწია. რვიანის პოზიციაზე მოთამაშე ანზორ მექვაბიშვილი ამის იდეალური დასტურია. ის ბურთთან ერთად საკმარისად პროდუქტიული იყო, მაგრამ განსაკუთრებით იმ ხასიათისა და განწყობის გამო გამოირჩა, რომელიც თამაშში შეიტანა.

მექვაბიშვილი ნახევარდაცვაში უაღრესად ბრძოლისუნარიანი იყო. გაბარიტების მხრივ, ის მოედანზე მყოფ ფეხბურთელთა შორის ყველაზე შთამბეჭდავი არ გახლდათ, მაგრამ ძალისმიერად თამაშობდა და მარტო პირველ ნახევარში, 4-5 ისეთი დუელი მოიგო, რომ მატჩის ხასიათი განსაზღვრა და პორტუგალიელი ფეხბურთელების ძვლების ლაწალუწის ხმაც გაგვაგონა. ამან კი საქართველოს წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ნაკრებს ნიჭიერი ნახევარდაცვა და უაღრესად ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, ერთადერთი მომენტი, როცა ბურთის ქონისას თავს კომფორტულად გრძნობდნენ, იყო მაშინ, როცა მოედნის უსაფრთხო ადგილებში იმყოფებოდნენ. როცა ისინი საქართველოს ბარიერების გარღვევასა და მეტოქის საჯარიმოში შესვლას ცდილობდნენ, აგრესიულ დაცვას ეჩეხებოდნენ, რომელიც მათ რიტმს ანადგურებდა და აიძულებდა, ბურთი დაეკარგათ. უმეტეს წილად, პორტუგალიელთა შორის არეულობას სწორედ მექვაბიშვილი იწვევდა, რომელიც მოედანზე ნამდვილ მეომარ ფეხბურთელს წააგავდა“.

შეგახსენებთ, რომ 1 ტურის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 3 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. „ჯვაროსნების“ მომდევნო მეტოქე ბელგიაა, რომელსაც ხვალ, თბილისის დროით, 20:00-ზე დავუპირისპირდებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მედალი ევროპულ თამაშებზე - ნადირაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა
პირველი მედალი ევროპულ თამაშებზე - ნადირაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა