„კაშიათი კმაყოფილი ვარ, უშეცდომო არავინაა“ - სანიოლმა დაცვის ხაზზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „პულმანში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზს შეეხებოდა. ასევე, გურამ კაშიას თამაშს. სანიოლი ეროვნული ნაკრების 35 წლის კაპიტნით კმაყოფილია, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ უშეცდომო არავინაა.
ვილი სანიოლი: „მაროკოსთან მატჩში დაცვაში პრობლემები იყო, თუმცა ამ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით არ შევხვდით. დაცვაში პრობლემები ნორვეგიასთან მატჩშიც იყო, თუმცა ეს მხოლოდ მცველების ბრალი არაა, დაცვითი ფუნქციების შესრულებაში ყველა ფეხბურთელი უნდა მონაწილობდეს. დაცვა თავდასხმის ხაზიდან იწყება.
რაც შეეხება გურამ კაშიას, მისით კმაყოფილი ვარ. უშეცდომო არავინაა. თუ ჩემი გუნდის ფეხბურთელები თავიანთ შესაძლებლობებს გამოავლენენ, ჩვენს კარში გოლის გატანა ძალიან რთული იქნება.
ჩემს ფეხბურთელებს ვიცნობ. ვიცი, თუ ისინი ბევრს იმუშავებენ და ხასიათს გამოავლენენ, ჩვენს კარში გოლის გატანა ძალიან რთული იქნება. ამას ველოდები კვიპროსსა და შოტლანდიაში“.
შეგახსენებთ, 2022 წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა, სანიოლის გუნდმა სამი უპასუხო გოლი გაუშვა. მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა, ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთი 6:1 გაანადგურა, ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში ნორვეგიასთან ბათუმში ფრე ითამაშა (1:1).
ევრო 2024-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრები მიმდინარე თვეში ორ მატჩს გამართავს, 17 ივნისსს სტუმრად კვიპროსს შეხვდება, 20 ივნისს კი ასევე გასვლით შეხვედრაში - შოტლანდიას.