ჯიმი ბატლერი, ბემ ადებაიო, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, დერიკ უაითი, კეილებ მარტინი
Aa
Aa

ისტორია არ დაიწერა | მაიამის დაცვამ ბოსტონი გააქრო

„ბოსტონ სელტიქსმა“ NBA-ის ისტორია ვერ დაწერა. „კელტებს“ ჰქონდათ შანსი, პირველი გუნდი გამხდარიყვნენ, რომელმაც 0:3-დან საპლეიოფო სერია მოიგო, მაგრამ „მაიამი ჰიტის“ ზედიზედ 3-ჯერ დამარცხებისა და ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მე-7 შეხვედრაში, საკუთარ კედლებში წააგეს.

„ბოსტონისთვის“ მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო. გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ჯეისონ ტეიტუმს პირველივე წამებზე კოჭი გადაუტრიალდა და აშკარა იყო, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ტკივილს ებრძოდა. ტეიტუმის ტრავმას „მაიამის ბრწყინვალე დაცვა დაემატა, რომელმაც „ბოსტონს“ პრაქტიკულად არაფრის გაკეთების საშუალება არ მისცა და „ჰიტმა“ 103:84 იმარჯვა.

„მაიამიმ“ აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო და ფინალური სერიის MVP ჯიმი ბატლერი გახდა, რომელმაც ბოლო მატჩში 28 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა კეილებ მარტინს - 26 ქულა, 10 მოხსნა, ბემ ადებაიომ კი 12 ქულა, 10 მოხსნა და 7 ასისტი გაიფორმა.

„ბოსტონის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 19 ქულა ჯეილენ ბრაუნმა გააკეთა, თუმცა, საერთო ჯამში, ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდა, 23-დან მხოლოდ 8 ბურთი ჩააგდო და მის პასივში 8 დაკარგვა იყო. ჯეისონ ტეიტუმმა მატჩი 14 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა, ხოლო დერიკ უაითს 18 ქულა ჰქონდა.

ამრიგად, „მაიამი“ NBA-ის სუპერფინალურ სერიაში გავიდა და „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას კოლორადო უმასპინძლებს და პარასკევს, თბილისის დროით, 04:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები