ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

„საჭირო დროს, შესაბამისი გამბედაობა გამოვიჩინეთ“ - ჯუნტოლი კვარაზე, საჩემპიონო სეზონსა და მომავალზე

დღეს, ნეაპოლში მდებარე Coverciano-ს ცენტრში MCL Inside The Sport-ის დაჯილდოება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი და მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი იღებდნენ და მათ სიმბოლური პრიზიც გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლიმ „ნაპოლის“ ბოლო სეზონზე ისაუბრა და მათ შორის, კლუბში საკუთარ მომავალსა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხსაც შეეხო.

რა თქვა ჯუნტოლიმ:

სკუდეტოს მოგება? ეს სპალეტის დამსახურებაა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს, არამედ იმიტომ რომ მან მართლაც შესანიშნავი სამუშაო გასწია. ფაქტობრივად, მან საკუთარი თავი ტანკში ჩადო და ამ შედეგის მისაღებად ყველაფერი გააკეთა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შედეგის წინაპირობა შარშანდელი სეზონი იყო. გასულ წელს ჩემპიონატი მესამე ადგილზე დავასრულეთ, თუმცა ამ სეზონმა საფუძველი ჩაუყარა „ნაპოლის“ ამჟამინდელ დიდებას. მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის მფლობელებს, ფეხბურთელებს, უბრალო თანამშრომლებს. ვფიქრობ, იტალიურ ფეხბურთს სწორედ ასეთი ახლი სჭირდება. სპალეტი საქმეს მეცნიერულად მიუდგა. ბევრს საუბრობენ მოთამაშეებსა და შედეგებზე, სპალეტიმ კი მაქსიმუმს მიაღწია სილამაზესა და სიმარტივეს შორის, ასევე დრიბლინგებსა და სწორხაზოვნად თამაშს შორის. მერწმუნეთ, ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ის ნამდვილად ბევრს მუშაობდა ამ შედეგის მისაღებად. რა თქმა უნდა, ბიჭების შრომაც ფასდაუდებელია, ისინი მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავები იყვნენ. აქვე ვიტყვი, რომ გასული სეზონის დასკვნით ნაწილში, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოგვაკლდა, რამაც შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ვფიქრობ, შარშანაც შეგვეძლო სკუდეტოზე ჩვენი სიტყვის თქმა.

რაც შეეხება გასული ზაფხულის ტრანსფერებს და კვარაცხელიას შეძენას, როდესაც ამ მოთამაშეებს ვყიდულობდით, მათ გადაბირებას სხვა გუნდებიც ცდილობდნენ, თუმცა ჩვენ აღმოგვაჩნდა გამბედაობა, რათა ისინი დროულად გაგვეფორმებინა შესაფერის მომენტში. ეს იმ დიდი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც აქ, ნეაპოლში არსებობს. როდესაც ისინი გადმოვიდნენ, თავიდანვე ერთად შევიქმენით კარგი განწყობა და მათზე დიდი გეგმები დავსახეთ, საფუძველი თავიდანვე ჩავუყარეთ. ამან კი თავისი შედეგი გამოიღო.

ჩემი მომავალი? ახლა ამაზე საუბარი არ მსურს. როგორც ხედავთ, კვლავ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ვარ და სეზონის დასრულებამდე 1 კვირა არის დარჩენილი. როდესაც რაიმე ჯილდოს იღებთ, ეს წარსული მუშაობის გამო ხდება. მომავალში ვნახოთ, ვიქნები თუ არა კვლავ ისეთი წარმატებული, რომ კიდევ ერთი ჯილდო მივიღო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, „ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა იტალიის ჩემპიონი. გუშინ, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ლუჩანო სპალეტი „პარტენოპეის“ დატოვებს. იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლიც წავა და მუშაობას ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორის პოსტზე გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე
ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე