მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, ჰენრი სეხუდო, რეი ლონგო
Aa
Aa

რეი ლონგო: „მერაბს შეუძლია, 7 რაუნდი იჩხუბოს, მისი გაჩერება წარმოუდგენელია“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, რეი ლონგო Morning Kombat-ის პოდკასტის სტუმარი იყო. ლონგომ „მანქანაზე“, მისი და სეხუდოს დაპირისპირებაზე და ალჯამეინ სტერლინგთან მეგობრობაზე ისაუბრა.

„სეხუდომ შეიძლება, თეიქდაუნის პირველი 10 მცდელობისგან თავი დაიცვას და მერაბს პარტერში გადაყვანის უფლება არ მისცეს, მაგრამ დვალიშვილი არ გაჩერდება და ჰენრის კიდევ 40 მცდელობასთან მოუწევს გამკლავება. „მანქანის“ მენეჯერს ვუთხარი, რომ სეხუდოსთან ჩხუბზე თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში განაცხადონ თუ ბრძოლა 5-რაუნდიანი იქნება. 3-რაუნდიანი დაპირისპირება დაივიწყეთ, რადგან ამ შემთხვევაში, იქნება შანსი, სეხუდომ როგორღაც თავი დაიძვრინოს, მერაბს კი შეუძლია, 7 რაუნდი იჩხუბოს. მიეცით 5 რაუნდი და გაუმკლავდეს ჰენრი ზეწოლას, რომელსაც დვალიშვილი მასზე განახორციელებს.

შეძლებს, თუ არა მერაბი ოლიმპიური ჩემპიონის პარტერში გადაყვანას? დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ მერაბს შეუძლია, ეს უამრავჯერ სცადოს და ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, მიზანს მიაღწევს. იგივე მოხდა პიოტრ იანთან გამართული ჩხუბისას და იყო მომენტი, როცა იანს ოქტაგონზე ყოფნა უბრალოდ აღარ უნდოდა.

ოდესმე შევხვედრილვარ თუ არა სპორტსმენს, რომელიც ისეთ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და ისეთი კარდიო აქვს, როგორიც მერაბს? ალბათ, არა. ხალხი ვერ ხედავს, მაგრამ მერაბი სპორტდარბაზში ძალიან დიდ დროს ატარებს და პრაქტიკულად, სულ იქაა. რამდენიმე დღის წინ, მისი ფრენა გადაიდო და სპორტდარბაზში სავარჯიშოდ მოვიდა. მივედი, ვკითხე, ხომ მიფრინავდი-მეთქი და მითხრა, რომ ფრენა გაუქმდა და ვარჯიში გადაწყვიტა. ეს ბიჭი უბრალოდ არასდროს ჩერდება და ნამდვილი გიჟია. ერთადერთი, ვისაც მერაბის გაჩერება შეუძლია, თავად მერაბია და უნდა დაველაპარაკო, რომ აივნიდან აღარ გადავიდეს (ნეაპოლში გადაღებულ ვიდეოს გულისხმობს). ვიცნობდი ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი ქმედებები სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

მერაბის გაჩერება წარმოუდგენელია. უნდა მოკლა, რომ გააჩერო. მარლონ მორაესთან ბრძოლაში კინაღამ მართლა ასე მოხდა. ბრძოლის დაწყებამდე ვუთხარი, რომ მორაესის წინააღმდეგ ცეცხლში გავლა მოუწევდა და დადგებოდა მომენტი, როცა ძლიერ დარტყმებს მიიღებდა. მართლაც ასე მოხდა და როცა მარლონის შეტევებს გადაურჩა, ვიცოდი, რომ გაიმარჯვებდა.

მერაბსა და სტერლინგს რაც შეეხებათ, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, უკეთესი მებრძოლები გახდნენ. დვალიშვილის კარდიო ალჯოს ბიძგს აძლევს, სტერლინგის ტექნიკურობამ კი მერაბის ჭიდაობა გააუმჯობესა. ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან და ძალიან მეწყინება, ერთმანეთთან რომ იჩხუბონ, რადგან ჩემთვის ფული მთავარი არაა, UFC-ის კი სხვა ბერკეტი უბრალოდ არ აქვს. თუ ფულით ვერ მოგისყიდეს, არაფერი აქვთ, რითაც შენს დაყოლიებას შეძლებენ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 16 გამარჯვებაა. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მისი დამარცხების შემდეგ, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინგლისში უკვე გაყიდეს“ - სიმონე ბრალიას მოულოდნელი კომენტარი ხვიჩაზე
„ინგლისში უკვე გაყიდეს“ - სიმონე ბრალიას მოულოდნელი კომენტარი ხვიჩაზე