„მივედით ბოლო შეხვედრამდე...“ - ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა
სახელოვანმა ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა.
ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა Facebook-გვერდმა, „სუმოს ქომაგებმა“ გაავრცელა, რომელშიც ქართველი რიკიშის კომენტარიც გვხვდება. ლევან გორგაძემ „ნაცუ ბაშოზე“ დღევანდელი ბრძოლის დაწყებამდე გვერდის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ამირან ურუშაძეს განუცხადა, რომ ბრძოლის შემდეგ ის სუმოისტის კარიერას დაასრულებდა.
ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლიდან თარიღდება, ჯურიოს დივიზიონში კი დებიუტი 2008 წლის იანვარში ჰქონდა. ტოჩის ოქროს პერიოდი კი 2018 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც „ჰაცუ ბაშოზე“ 14:1-ზე ბალანსი დააფიქსირა და იმპერატორის თასს დაეუფლა. შედეგად, ლევან გორგაძემ სეკივაკეს წოდება დაიმსახურა, მომდევნო ბაშოზე კი 13:2-ზე ბალანსით, მან ოძეკის წოდება მოიპოვა, რაც სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდებაა. ცნობისთვის, ქართველი სუმოისტი ევროპაში მეორე რიკიშია, რომელმაც სუმოს პროფესიონალურ კარიერაში ოძეკის ტიტულის მიღება შეძლო.