„პასუხისმგებლობა გამეზარდა“ - მსოფლიო ჩემპიონის პირველი კომენტარი
მსოფლიოს ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ საკუთარი წარმატების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველი ჯუდოკა Silk Sport-ს ესაუბრა და საქართველოს ისტორიული წარმატება მიულოცა.
„მინდა, მთლიანად საქართველოს ეს ძალიან მაგარი დღე მივულოცო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ორი ქართველი გავედით და დოჰაში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ავაჟღერეთ. ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს და დღევანდელი დღით ძალიან გახარებული ვარ.
თუ საკუთარ თავში ეჭვი შეგეპარა და ფიქრი შეუშვი გონებაში, რომ შეიძლება, მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდე, მიზანს ვერ მიაღწევ. ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ გამოგივა და ყველაფერს შეძლებ. მსოფლიო ჩემპიონი ვარ და ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. ხვალიდან თუ ზეგიდან, ჩემს გეგმასა და ვარჯიშებს დავუბრუნდები და გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი“.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძემ ლაშა ბექაური ოქროს დროში დაამარცხა და ბრწყინვალე ილეთით მოპოვებული ვაზარით მოიგო. ხვალ ტატამიზე კიდევ ორ ქართველ ჯუდოკას ვიხილავთ. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მედლებისთვის ილია სულამანიძე და ვარლამ ლიპარტელიანი იბრძოლებენ.