ლუკა მაისურაძე, ლაშა ბექაური
Aa
Aa

არის ქართული ფინალი! - ბექაური და მაისურაძე ოქროსთვის იბრძოლებენ

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, -90 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგება.

აღნიშნულ წონაში ლაშა ბექაურმა ნახევარფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. თავდაპირველად, იაპონელი ძიუდოისტი ვაზარით დაწინაურდა, თუმცა ბექაურმა მალევე შეძლო საპასუხო გდების შესრულება. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მეორე ვაზარიც აიღო, რაც ავტომატურად იპონს ნიშნავს.

ლუკა მაისურაძემ კი იტალიელ კრისტიან პარლატის ბარიერი ვაზარით დაძლია. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შედეგიანი გდების შესრულება შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთით ადრე შეძლო.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო პირველობაზე ქართული ფინალი პირველად შეძლება.

ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე წრიდან ჩაერთო და საწყის შეხვედრაში ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი დაამარცხა, 1/8 ფინალში სერბ ნემანია მაიდოვს მოუგო, 1/4 ფინალში კი რუსი მანსურ ლორსანოვი გამოთიშა ასპარეზობას.

რაც შეეხება ლუკა მაისურაძეს, ქართველმა ფალავანმა ჯერ უნგრელ როლანდ გოზს მოუგო, მომდევნო ეტაპზე თურქი მიჰაელ ზგანკი გამოთიშა ასპარეზობას, 1/4 ფინალში კი ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდს აჯობა.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი -81 კგ. წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი გახდა, ბრინჯაოს მერალი კი -60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. დღეს კი ჩვენი გუნდის აქტივს კიდევ 1 ოქრო და ასევე ვერცხლის მედალი შეემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები