ოფიციალურად: ჩიმაევისა და სტრიკლენდის ბრძოლა ჩაინიშნა
ხამზატ ჩიმაევი საშუალო წონის საჩემპიონო ქამარს 9 მაისს, ნიუ-იორკში გამართულ UFC 328-ზე დაიცავს, მისი მეტოქე კი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ სტრიკლენდი იქნება.
მსოფლიოს უძლიერესმა ლიგამ ღონისძიების მთავარი ბრძოლა ოფიციალურად დააანონსა და ამით დაადასტურა ორი დღის წინ გავრცელებული ინსაიდერული ინფორმაცია.
35 წლის ამერიკელი შონ სტრიკლენდი სატიტულო რბოლის ლიდერი გასული თვის ბოლოს გახდა, როდესაც პოტენციურ პრეტენდენტთა ბრძოლაში თავისი თანამემამულე, ენტონი ერნანდესი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
31 წლის ხამზატ ჩიმაევი საშუალო დივიზიონის ახალი ჩემპიონი გასული წლის აგვისტოში გახდა, როდესაც ხუთრაუნდიან ორთაბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა. მანამდე დაუმარცხებელ ჩეჩენ მებრძოლს ორგანიზაციაში რვა გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, მათგან ექვსი ვადაზე ადრე.