„მამარდასთვის იდეალური კონკურენტი იქნებოდა“ - ლივერპულს ნუბელი ურჩიეს
„ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერსა და „იუვენტუსს“ შორის კონტაქტებზე ბრიტანულ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება - როგორც ჩანს, 33 წლის ბრაზილიელი იტალიაში დაბრუნებისთვის მზადაა.
როგორც გამოცემა Anfield Watch-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ ალისონის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილი და ფრედი ვუდმენი მას კარგად ცვლიდნენ, ყველასათვის აშკარაა, რომ ალისონსა და ამ ორ მეკარეს შორის დიდი განსხვავება არსებობს, ამიტომ თუ ბრაზილიელი „ენფილდს“ დატოვებს, კლუბს ახალი მეკარის ყიდვა დასჭირდება.
„ისმის წინადადებები კაოიმჰინ კელეჰერის დაბრუნების თაობაზე, თუმცა, „ლივერპულისთვის“ საბედნიეროდ, სატრანსფერო ბაზარზე კიდევ ერთი კარგი კანდიდატურა გამოჩნდა. საუბარია ალექსანდერ ნუბელზე, რომელიც „ბაიერნს“ „შტუტგარტში“ ჰყავს განათხოვრებული.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენურ კლუბში ნუბელის დღეები დათვლილია და 29 წლის მეკარე ზაფხულში ახალ კლუბს მოძებნის. ნუბელის კონტრაქტი ბაიერნთან 2030 წლამდეა გათვლილი, მაგრამ მისი საბაზრო ღირებულება მხოლოდ 12 მილიონი ევროა. ნუბელი არ გამოირჩევა ტრავმიანობით და მამარდაშვილისთვის იდეალური კონკურენტი იქნებოდა“.
ცნობისთვის, ნუბელი „პადერბორნის“ აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის პირველი გუნდის გარდა „შალკეში“, „ბაიერნში“, „მონაკოში“ და „შტუტგარტში“ უთამაშია. გერმანიის ნაკრებში მას 3 მატჩი აქვს ჩატარებული.